LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ფოსტა ახალი პროდუქტების დანერგვას გეგმავს

129

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, შპს “საქართველოს ფოსტას 2017 წელს ზრდა ჰქონდა, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო გზავნილების მიმართულებით.

უწყების ცნობით, “საქართველოს ფოსტისთვის“ 2017 წელი მეტად მნიშვნელოვანი იყო – გატარდა მრავალი რეფორმა, დაინერგა ახალი პროდუქტები და განხორციელდა წარმატებული პროექტები, რის შედეგადაც კომპანიამ წელი მნიშვნელოვანი ზრდით დაასრულა.

“განსაკუთრებით აღსანიშნავია “საქართველოს ფოსტის“ გზავნილთა ჩაბარების მაჩვენებელი, რომელიც საერთაშორისო რეიტინგების მიხედვით, 97% -ს შეადგენს. კომპანიამ დეკემბრის თვეში გზავნილთა გამტარიანობის რეკორდული მაჩვენებელი დააფიქსირა, ფოსტის სერვისცენტრებმა უზრუნველყვეს 250 000-მდე გზავნილის გატარება, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 30%-ით აღემატება. სერვისცენტრების საშუალო დღიურმა გამტარიანობამ 9 000 გზავნილს გადააჭარბა“, – ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ანგარიშში.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, “Prime“-ის რეიტინგით, “საქართველოს ფოსტა“ საერთაშორისო რეგისტრირებული წერილობითი კორესპონდენციის ჩაბარების მაჩვენებლების მიხედვით, PostEurop-ის წევრი ქვეყნების ტოპ ათეულში შევიდა. საქართველოსთან ერთად წარმოდგენილი არიან შვეიცარია, დიდი ბრიტანეთი, ლუქსემბურგი, ირლანდია, მალტა, რუსეთი, სლოვენია, ლიტვა და დანია.

ამასთანავე, “საქართველოს ფოსტა“ არჩეული იქნა PostEurop-ის ხარისხის ფონდის და მსოფლიო საფოსტო კავშირის რეფორმირების სამუშაო ქვეჯგუფებში, მსოფლიო საფოსტო კავშირთან ურთიერთობის, ხარისხისა და ოპერირების ჯგუფებში, ასევე სტანდარტების ექსპერტების მუშა ჯგუფების შემადგენლობაში.

“ტექნოლოგიურად განვითარებული, მომხმარებელზე ორიენტირებული, სანდო და მნიშვნელოვანი პარტნიორი“ – ასე აფასებენ “საქართველოს ფოსტას“, ევროპის საფოსტო კავშირის ხელმძღვანელები და მსოფლიოს წამყვანი საფოსტო ოპერატორები. “საქართველოს ფოსტა“ მუდმივ განვითარებაზეა ორიენტირებული, ამიტომ იგი ყოველწლიურად აუმჯობესებს მომსახურების ხარისხს, ასევე მრავალფეროვანს და მომხმარებელზე მორგებულს ხდის საფოსტო პროდუქტებს. გასულ წელს დაინერგა ახალი ტექნოლოგიები წერილობითი კორესპონდენციის გამტარიანობის მონიტორინგის მიმართულებით და “საქართველოს ფოსტა“ მსოფლიო საფოსტო კავშირის საბაჟო ელექტრონული დეკლარირების პროგრამას შეუერთდა. 2017 წლის თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის “B2B“ შეხვედრების ფორმატის ფარგლებში, “საქართველოს ფოსტის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ ორი მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა პოლონეთის ფოსტის დირექტორის მოადგილესთან სტრატეგიული და საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში ადამ ბერნატოვიჩთან და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის ვაჭრობის ხელშეწყობისა და კანონშესაბამისობის დირექტორატის ხელმძღვანელ ანა ინოჰოსასთან. მხარეებმა თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. გასულ წელს, “საქართველოს ფოსტამ“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა კატარის ფოსტასთან, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ფოსტის ლოჯისტიკური ქსელის კიდევ უფრო გაფართოებას საერთაშორისო გზავნილების მიმართულებით. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ასევე იმსჯელეს საფოსტო ბიზნესის სიახლეებზე, ახალი საფოსტო პროდუქტების დასანერგად შესაძლო თანამშრომლობასა და ერთობლივ სამომავლო გეგმებზე“, – აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, “საქართველოს ფოსტა“ 2017 წელს ქვეყნის ერთ-ერთ უმსხვილეს დამსაქმებლად იქნა დასახელებული, კომპანიაში დასაქმებულია 2 700-მდე მაღალკვალიფიციური კადრი. 2017 წელს “საქართველოს ფოსტამ“ ააშენა 2 ახალი სერვისცენტრი და განაახლა – 13. კომპანია მუდმივად ზრუნავს კადრების კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რისთვისაც სისტემატურად ატარებს სხვადასხვა სასწავლო ტრენინგებს და დღეს “საქართველოს ფოსტის“ თანამშრომელთა კვალიფიკაცია სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს.

მიმდინარე წელს “საქართველოს ფოსტას“ დაგეგმილი აქვს რიგი სერვისცენტრების განახლება, ახალი პროდუქტების დანერგვა და მრავალი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მიმართულებით, რაც კომპანიის მომსახურების ხარისხს კიდევ უფრო გააუმჯობესებს და მომხმარებელს მარტივად და სწრაფად შეეძლება სასურველი მომსახურების მიღება. მიმდინარე წელს “საქართველოს ფოსტა“ მნიშვნელოვან საერთაშორისო შეხვედრებს უმასპინძლებს – მაისში საქართველოში გაიმართება მსოფლიო საფოსტო კავშირის “UPU-ს“ საერთაშორისო სიმპოზიუმი, რომელშიც ევროპის 40 საფოსტო ადმინისტრაციის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. მხარეები გაცვლიან ინფორმაციას მომსახურებასა და საოპერაციო პროცესში განხორციელებულ მიღწევებზე და სამომავლო გეგმებს დასახავენ. ასევე განიხილება ელექტრონულ კომერციაზე მზარდი მოთხოვნა და საფოსტო ადმინისტრაციების ამ მიმართულებით მზადყოფნის საკითხები და პრიორიტეტები. ოქტომბერში თბილისში გაიმართება PostEurop-ის პლენარული სხდომები, რომელშიც 49 ევროპული ქვეყნის 52 საფოსტო ოპერატორი მიიღებს მონაწილეობას. გარდა ამისა, საქართველოს ფოსტის მხარდაჭერით გაიმართება საფოსტო საქმიანობის შესახებ ბიზნეს ფორუმი, საფოსტო ბიზნესთან დაკავშირებული კომპანიების მონაწილეობით. “საქართველოს ფოსტა“ წარმოადგენს ლიდერ ეროვნულ საფოსტო ოპერატორს, რომლის ძირითადი საქმიანობაა მომხმარებლის უზრუნველყოფა უნივერსალური საფოსტო მომსახურების სფეროში შემავალი სერვისებით, გამოირჩევა როგორც მომსახურების დიდი არჩევანით, ასევე სერვისცენტრების ყველაზე ფართო ქსელით“, – ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამჟამად ქვეყნის მასშტაბით “საქართველოს ფოსტის“ 82 სერვის ცენტრი ფუნქციონირებს. კომპანია ორიენტირებულია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაზე, რაც საშუალებას აძლევს მაქსიმალურად დაჩქარებულ ვადებში მოემსახუროს მომხმარებლებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g