ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოს იაპონელი ღვინის პროფესიონალები სტუმრობდნენ. 12 კაციან ჯგუფს იაპონელი ღვინის მაგისტრი კენიჩი ოჰაში ხელმძღვანელობდა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „Red Bridge“ ხელმძღვანელი კენიჩი ოჰაში იაპონიაში ერთადერთი ღვინის მაგისტრია.

„ქართული ღვინის ხარისხი გასაოცარი სისწრაფით იზრდება, რაც მართლაც შთამბეჭდავია. გასულ წლებში რამდენჯერმე ვიმოგზაურე კახეთში, იმერეთს უკვე მეორედ ვეწვიე და ყოველ ჯერზე ვფიქრობდი: რა არის ახალი? რა დარჩა აღმოსაჩენი? აღმოჩენები მართლაც ბევრია ჩემთვის. მე არ ვარ მეღვინე, მაგრამ კარგად ვიცნობ ბევრ მეღვინეს და ვხედავ, რამდენად დიდ ძალისხმევას იჩენთ იმისთვის, რომ ხარისხი კიდევ უფრო გააუმჯობესოთ და ღვინის გლობალურ ბაზარზე სწორად წარმოაჩინოთ. მიხარია, რომ თქვენგან ბევრი ახალი რამის სწავლა შემიძლია თქვენი 8000 წლიანი ტრადიციული ისტორიის წყალობით. მე ნამდვილად დიდ პატივს ვცემ ამ ღრმა და მდიდარ ისტორიას. გემრიელი საკვები, მრავალფეროვანი ღვინის სტილი, ყოველ ჯერზე მიხარია აქ დაბრუნება“, – აღნიშნა კენიჩი ოჰაშიმ.

სტუმრები, ტურის ფარგლებში, ღვინის კომპანიებსა და მარნებს იმერეთსა და რაჭაში ეწვივნენ. მათი შთაბეჭდილებები და შეფასებები იაპონურ გამოცემებსა და სხვადასხვა ბლოგზე გავრცელდება, რაც ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას შეუწყობს ხელს.
