2016 წლის დასაწყისში ევროკომისია ევროსაბჭოსა და ევროპის პარლამენტს წარუდგენს ინიციატივას, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეები შენგენის ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობას შეძლებენ, ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ პრესკონფერენციაზე ევროკავშირის წარმომადგენელი საქართველოში იანოშ ჰერმანმა განაცხადა.
„ევროკომისია წარუდგენს შემდეგი წლის დასაწყისში საბჭოს და ევროპარლამენტს სამართლებრივ წინადადებას რათა შესრულებულ იქნას 2001 წლის 531-ე დებულება, ანუ ევროკომისია ინციატივას წარუდგენს წევრ ქვეყნებსა და პარლამენტს, რომ ჩართოს საქართველო იმ ქვეყნების სიაში, რომლის მოქალაქეები გათავისუფლებულები არიან ვიზის საჭიროებისაგან შენგენის ქვეყნებში მოკლევადიანი ვიზიტების დროს, 90 დღის განმავლობაში,“ – განაცხადა ჰერმანმა.
მისივე თქმით, უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში საქართველომ მიაღწია ყველა საჭირო სფეროში დიდ პროგრესს.
„დღეს ჩვენ გვაქვს საკმარისი მიზეზი, რომ ვიზეიმოთ და პირადად ჩემთვის დიდი პატივია, რომ ამ პროცესში მონაწილეობას ვიღებთ,“ – აღნიშნა ჰერმანმა.
მისივე თქმით, ზუსტი დროის თქმა, როდის შეძლებს საქართველოს პირველი მოქალაქე უვიზოდ მოგზაურობა, რთული იქნება, მაგრამ თუ ავიღებთ მოლდოვას მაგალითს, აქ პროცედურების შესრულებას 4-5 თვე დასჭირდა.
