საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტ 2017-ის შესარჩევი ტურნირისთვის მზადების პროცესი დაასრულა. დღეიდან ილიას ზუროსის გაწვრთნილი ნაკრები ოფიციალურ მატჩებში ჩაებმება და ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეოთხედ გასასვლელად ბრძოლას ალბანეთთან საშინაო მატჩით დაიწყებს.
საქართველოს ნაკრებმა მოსამზადებელ პერიოდში 8 საკონტროლო მატჩი გამართა, საიდანაც 4 მოიგო და ამდენივეში დამარცხდა. ზუროსის გუნდმა სძლია პოტუგალიას, ბელარუსს, ჰოლანდიასა და უკრაინას, ხოლო წარუმატებელი მატჩები შვედეთთან, პოლონეთთან და ორჯერ რუსეთთან ჩაატარა.
ევროპის 2017 წლის ჩემპიონატზე გასასვლელად საქართველოს ნაკრებს ჯგუფში 3 მეტოქე ჰყავს – ალბანეთი, სლოვაკეთი და მონტენეგრო. ამ ნაკრებებთან ჩვენი ეროვნული გუნდი შემდეგი თანმიმდევრობით გამართავს მატჩებს:

2017 წლის ევროპის ჩემპიონატზე უკვე გასულია 13 ნაკრები და ამ საკვალიფიკაციოში მონაწილე 27 ნაკრებისთვის 11 საგზური გათამაშდება. ევროპის ჩემპიონატზე პირდაპირი გზით გავა ჯგუფის გამარჯვებული და არსებული 7 შესარჩევი ჯგუფის 4 საუკეთესო მეორეადგილოსანიც მიიღებს ევრობასკეტის საგზურს. მომავალი წლის ევროპის ჩემპიონატი წინამორბედის მსგავსად 4 ქვეყანაში ჩატარდება. ჯგუფურ ეტაპს უმასპინძლებენ ისრაელი, ფინეთი, რუმინეთი და თურქეთი, ხოლო პლეი ოფის შეხვედრები ჩვენს მეზობელ თურქეთში გაიმართება. შესარჩევი ტურნირი 17 სექტემბერს დასრულდება და ფინალურ ეტაპზე გასული გუნდებისთვის წილისყრა ნოემბერში გაიმართება, რის შემდეგაც ისინი შესაბამის ჯგუფებში (ქვეყნებში) განაწილდებიან.
აღსანიშნავია, რომ რაკი შესარჩევ ეტაპზე ერთ ჯგუფში 3 გუნდია, დანარჩენ ჯგუფებში ბოლო ადგილზე გასულ გუნდებთან დაფიქსირებული შედეგები გუნდებს ჩამოეჭრებათ. ამ გზით ყველა ნაკრებს თამაშების თანაბარი ოდენობა ექნებათ და საუკეთესო მეორეადგილოსნებიც ჩვეულებრივ, მოგებ-წაგებებისა და თუ საჭირო გახდა, ბურთების შეფარდებით გამოვლინდება.
საქართველოს ნაკრებს პირველ, 31 აგვისტოს გასამართ მატჩში, სავარაუდოდ მაიკლ დიქსონი ვერ დაეხმარება, რომელსაც მუხლის ტრავმა აქვს და ნაკრების ხელმძღვანელთა ორიენტირი უფრო სლოვაკეთში, 3 სექტემბერს გასამართი მატჩია, სადაც ამერიკელი ლეგიონერის დახმარება დიდად დაგვჭირდება. 31 აგვისტოს ალბანეთთან ითამაშებს თორნიკე შენგელია, რომელსაც ფეხი აწუხებდა და ბოლო 2 მატჩი გამოტოვა.
საქართველოსა და ალბანეთის მატჩი სპორტის სასახლეში 31 აგვისტოს, 19:00 საათზე დაიწყება.
ალბანეთთან მატჩის წინა დღეს საქართველოს ნაკრებმა სპორტის სასახლეში ღია ვარჯიში გამართა. კალათბურთელებთან შესახვედრად მივიდა ოლიმპიური ჩემპიონი, ძალოსანი ლაშა ტალახაძე, რომელმაც ნაკრების წევრებს წარმატება უსურვა.


