საქართველოს პრემიერ-მინისტრი დიდი ბრიტანეთის ეროვნული დღესასწაულის – დედოფლის დაბადების დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო.
გიორგი კვირიკაშვილმა ბრიტანელ ხალხს დედოფლის დაბადების დღე მიულოცა და ქართულ-ბრიტანული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
“საიდუმლოს გაგიმხელთ – ასეთი ამინდი (წვიმიანი) სპეციალურად საქართველოს მთავრობის მიერაა ორგანიზებული საიმისოდ, რომ ხაზი გაუსვას საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის განსაკუთრებულ მეგობრობას. ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებით, შემიძლია ვთქვა, რომ გასული მეოთხედი საუკუნის მანძილზე ჩვენ არ გვყოლია გაერთიანებულ სამეფოზე უკეთესი მეგობარი. თქვენ ყოველთვის ჩვენ გვერდით იდექით, რთულ მომენტებშიც კი, და გვაწვდიდით გონივრულ რჩევასა და გულუხვ დახმარებას. გაერთიანებული სამეფო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა 1992 წლის აპრილში აღიარა და მას შემდეგ იგი უკვე საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და, რაც მთავარია, მისი ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერია. ჩვენ ვაფასებთ უსაფრთხოების დიალოგსა და თანამშრომლობას, რომელიც გაერთიანებულ სამეფოსთან გვაკავშირებს. ბრიტანელი და ქართველი ჯარისკაცები ნატოს მისიაში, ავღანეთში ერთმანეთის მხარდამხარ იბრძვიან”, – განაცხადა პრემიერმა.
