LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველოს ტრამპთან რა ურთიერთობა ჩამოუყალიბდება, სრულიად დამოკიდებულია იმასთან, როგორ მოვიქცევით – ის აფასებს რეალურ ძალისხმევას“ – გიორგი მარგველაშვილი

138
გიორგი მარგველაშვილი

აშშ-ში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს და დონალდ ტრამპის გამარჯვებას, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი მარგველაშვილი „პალიტრანიუსის“ ეთერში ეხმაურება და აცხადებს, რომ „ტრამპთან საქართველოს რა ურთიერთობა ჩამოუყალიბდება, სრულიად დამოკიდებულია იმასთან, თუ როგორ მოვიქცევით და რამდენად მზად ვართ, ვიმუშაოთ და ვიბრძოლოთ ჩვენი ღირებულებებისთვის“.

მარგველაშვილის შეფასებით, დონალდ ტრამპი რეალისტი პოლიტიკოსია და რეალურ ძალისხმევას აფასებს.

„მე მაქვს ტრამპის და ობამას ადმინისტრაციებთან ურთიერთობის გამოცდილება, მაქვს გამოცდილება ბაიდენთან ურთიერთობის და მინდა გითხრათ, რომ დონალდ ტრამპი არის უაღრესად რეალისტი პოლიტიკოსი თავისი ბიოგრაფიიდან გამომდინარე, პოლიტიკაში მისი ქმედებებიდან გამომდინარე. რა თქმა უნდა, საქართველოს მიმართ დამოკიდებულება არის ორპარტიული და ეს ორპარტიული ხაზი შენარჩუნდება, მაგრამ თუ ვილაპარაკებთ პირადად პრეზიდენტ ტრამპზე, რომელიც, არ ვიცი, რამდენად აქტიურად დაკავდება საქართველოს საკითხით, მაგრამ, დღევანდელ კონტექსტში ეს მნიშვნელოვანი საკითხებია, გამომდინარე რუსეთის გარემოცვიდან. ტრამპთან საქართველოს რა ურთიერთობა ჩამოუყალიბდება, სრულიად დამოკიდებულია იმასთან, თუ როგორ მოვიქცევით და რამდენად მზად ვართ, ვიმუშაოთ და ვიბრძოლოთ ჩვენი ღირებულებებისთვის. ის არის უაღრესად რეალისტი პოლიტიკოსი, რომელიც უყურებს რეალურ პროცესებს და არა „ფეიკ პროცესებს“. ჩვენ ვიქნებით მოწოდების სიმაღლეზე და ვიქნებით მისი დღის წესრიგში.

იქნება თუ არა ეს დრამატული, ამაზე შემიძლია გითხრათ, არა იმიტომ, რომ საქართველოს მხარდაჭერა, განურჩევლად იმისა, რესპუბლიკელი იქნება თუ დემოკრატი ოვალურ ოფისში, არის ერთმნიშვნელოვანი – ეს არის საქართველოს დემოკრატიის მხარდაჭერა იმისა, რომ საქართველოში ინვესტირებული, საქართველოსთვის მიცემული და საქართველოს მიერ ამერიკისთვის მიცემული დიდი კრედიტი, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვნად განახორციელეს ჩვენმა ქალებმა და კაცებმა უნიფორმაში, იმ ადამიანებმა, ვინც იბრძოლეს ავღანეთში, ერაყში, ვინც იდგა ამერიკელების გვერდით, მათი ღვაწლი და მათი შრომა და, სამწუხაროდ, მათი სისხლიც განუსაზღვრელია ამ ურთიერთობებში იმიტომ, რომ ეს მართლა მნიშვნელოვანია ამერიკელებისთვის. მართლა მნიშვნელოვანია, ვინ იდგა მათთან ერთად ბრძოლის ველზე.

ამ თვალსაზრისით, პოლიტიკის რადიკალური შეცვლა არის გამორიცხული – ისინი მხარს უჭერენ ქართველ ხალხს, ქართულ დემოკრატიას. საქართველოში არ არის არც ნავთობი, არც ბრილიანტები. ისინი მხარს უჭერენ ქართველ ხალხს, რომელსაც უნდა ნამდვილი დემოკრატია. ეს არ შეიცვლება, მაგრამ თუ ვსაუბრობთ პრეზიდენტების ტიპაჟზე და იმაზე, რა არის მათთვის ღირებული, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, შემიძლია გითხრათ, ტრამპი აფასებს რეალურ ძალისხმევასა და რეალურ თემებს“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

მეოთხე პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ტრამპის ადმინისტრაციის საქართველოს მიმართ მოსალოდნელ პოლიტიკაზე, იმის ფონზე, რომ ქვეყანას ჩინეთის მთავრობასთან აქვს გაფორმებული ეკონომიკური თანამშრომლობა.

მისი განმარტებით, ეკონომიკურ ჭრილში საქართველო-ჩინეთის თანამშრომლობა ამერიკისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა, პრობლემა შეიძლება იყოს ის, რომ ჩინეთმა საქართველოში ანაკლიის პორტის მეშვეობით სტრატეგიულად გაიმაგრა თავისი შესაძლებლობები.

„ჩინეთის მთავრობასთან ჩვენი თანამშრომლობა მხოლოდ ახლა არ გაფორმებულა. მე გაგახსენებთ პრემიერ კვირიკაშვილის ძალიან წარმატებულ თანამშრომლობას ჩინეთთან, როდესაც გაფორმდა დაუბეგრავი ეკონომიკური თანამშრომლობა ამ ქვეყანასთან და მაშინ ამერიკას ამასთან მიმართებაში არ ჰქონია პრეტენზია. ერთი არის ჩინეთთან ვაჭრობა და ეკონომიკური, მომგებიანი თანამშრომლობის აწყობა და ამასთან არ ჰქონია პრეტენზია ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს, მაგრამ როდესაც ლაპარაკია იმაზე, რომ ჩინეთმა სტრატეგიულად გაიმაგროს თავისი შესაძლებლობები საქართველოში, შესაძლოა, ამასთან მიმართებაში იყოს გარკვეული კითხვის ნიშნები. ამაზე ბევრად უფრო პრობლემურია ის დაახლოება, რომელიც ხდება რუსეთთან და ირანთან.

საქართველომ ტრამპის პრეზიდენტობით შეიძინა არც მოკავშირე, არც მოწინააღმდეგე, არამედ შეიძინა შესაძლებლობა, რომ გახდეს პრეზიდენტ ტრამპის დღის წესრიგში მნიშვნელოვანი მოთამაშე, თორემ გლობალურად არაფერი შეცვლილა“, – აღნიშნა მარგველაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g