LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ზღვისპირეთს, შესაძლოა, ბუნებრივი კატასტროფები დაემუქროს

154

აჭარის რეგიონში ზღვის დონემ აიწია და დაფიქსირებულია შტორმების ბალიანობის მატებაც, რაც ძალიან სერიოზული პრობლემაა, ამის შესახებ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს კლიმატის ცვლილებების სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა, კახა მდივანმა, რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, თუ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება საჭირო ნაბიჯებს არ გადადგამს, გლობალურმა დათბობამ, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას აჭარის რეგიონს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, გაეროს კლიმატის ცვლილებების კონფერენციაზე, გლობალური დათბობის წინააღმდეგ საბრძოლველად შეთანხმებას მიაღწიონ.

”საქართველოს მესამე ეროვნული შეტყობინების საფუძველზე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბათუმი-ადლიის სანაპირო ზოლზე აუცილებელია ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარება. ამ დროისათვის, რეგიონს სერიოზული საფრთხე არ ემუქრება, თუმცა ტემპერატურის მატებასთან ერთად, ბუნებრივი კატასტროფების რისკი იზრდება” – განაცხადა კახა მდივანმა.

რაც ეხება მყინვარების დნობის პროცესზე გლობალური დათბობის გავლენას, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს კლიმატის ცვლილებების სამსახურის მთავარი სპეციალისტი აცხადებს, რომ ამ საკითხზე კვლევა მიმდინარეობს.

”მყინვარების დნობის საკითხზე, სპეციალისტები ორ ვარაუდს გამოთქვამენ, ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ ეს არის ბუნებრივი პროცესი, რომელსაც ახასიათებს გამძაფრებისა და შენელების ტენდენციები. მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ ეს, შესაძლოა, კლიმატის ცვლილებებით იყოს გამოწვეული.” – განაცხადა კახა მდივანმა.

რამდენად ახდენს დიდი ჰესების მშენებლობა საქართველოზე უარყოფით გავლენას გლობალური დათბობის გათვალისწინებით, კლიმატის ცვლილებების სამსახურის მთავარი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ დიდი ჰესების მშენელობის საკითხი იმდენად მნიშვნელოვანი არ არის გლობალური დათბობის პროცესში, რამდენადაც ლოკალური კლიმატის ცვლილების პროცესში.

”უშუალოდ ხუდონჰესს რაც ეხება, ამ საკითხზე ექსპერტებმა იმუშავეს, შეფასდა გარემოზე ზემოქმედება და ხელისულფება ამ ინსტრუქციებს უნდა მიყვეს” – განაცხადა კახა მდივანმა რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები