LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა

132
დავითა

საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმება (CEPA) ქალაქ დუბაიში ოფიციალურად გაფორმდა.

დოკუმენტს ხელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და საგარეო ვაჭრობის საკითხებში არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრმა თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდმა მოაწერეს.

დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონიალს ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები დისტანციურ რეჟიმში ესწრებოდნენ.

„არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, როგორც ერთ-ერთ წამყვან სახელმწიფოსთან ურთიერთობის განმტკიცება ჩვენთვის მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. არაბთა გაერთიანებული საამიროები ყოველთვის იდგა ინოვაციისა და პროგრესის სათავეებთან, რაც მომავლის იმედისა და ოპტიმიზმის მნიშვნელოვანი საწინდარია.

მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, მის უმაღლესობას შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანს იმ ფასდაუდებელი წვლილისთვის, რაც მან ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარებაში შეიტანა.

დარწმუნებული ვარ, ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ეს ახალი ეტაპი, ხელს შეუწყობს ვაჭრობისა და ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურებასა და გამარტივებას“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და დუბაის საამიროს მმართველმა შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმმა კი აღნიშნა, რომ აღნიშნული შეთანხმება არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და საქართველოს ურთიერთობაში ახალი, საეტაპო მოვლენა იქნება და ორ ქვეყანას სამომავლოდ ბევრ შესაძლებლობას მისცემს.

შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ლევან დავითაშვილმა და თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდმა ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს.

მხარეებმა დადებითად შეაფასეს ის გარემოება, რომ ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკება რეკორდულად მცირე დროში – მხოლოდ სამ რაუნდში დასრულდა. აღინიშნა, რომ ეს არის საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის უკვე კარგად ჩამოყალიბებული, ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაძლიერებისადმი ორივე მხარის ერთგულების ნიშანი.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა მზარდ ორმხრივ ვაჭრობაზე. აღინიშნა, რომ, 2023 წლის რვა თვის მონაცემებით, საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის სავაჭრო ბრუნვა წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 72%-ით გაიზარდა და 276.83 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, ასევე, მზარდი დინამიკით ხასიათდება ექსპორტი, რომელმაც საანგარიშო პერიოდში 80%-ით მოიმატა. ითქვა, რომ ყოვლისმომცველი ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ ეს დინამიკა კიდევ უფრო გაიზრდება და საქართველო საამიროებთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით ისარგებლებს, რაც საქართველოსთვის ათმილიონიანი მაღალმსყიდველობითუნარიანი ბაზრის გახსნას გულისხმობს.

შეხვედრაზე ყურადღება ასევე გამახვილდა მზარდ თანამშრომლობაზე ტურიზმის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, კავშირგამბულობის, ინოვაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და სამთო-მოპოვებით სექტორებში.