ავიაკომპანიამ Wizz Air ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან მადრიდის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისები განაახლა. ესპანეთის დედაქალაქისკენ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 230 მგზავრით სავსე თვითმფრინავი დღეს გაფრინდა.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, მადრიდის მიმართულებით რეისები კვირაში ორი სიხშირით – სამშაბათსა და შაბათს შესრულდება.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ჯერჯერობით ერთადერთია, საიდანაც ესპანეთის ორ ქალაქში – მადრიდსა და ბარსელონაში საქართველოდან პირდაპირი საჰაერო გზით მოხვედრაა შესაძლებელი. ორივე ქალაქის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისები, ჯამურად, კვირაში 5 სიხშირით სრულდება.
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ესპანეთიდან 2988 ვიზიტორი ესტუმრა.