ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსი ჯუბო ტურაშვილი და ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია სლოვაკეთის ენერგეტიკული სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრას, რომელიც ქალაქ პოვაჟსკა-ბისტრიცაში გაიმართა, სლოვაკეთში საქართველოს საპატიო კონსული ნოდარ გიორგაძე დაესწრო.
სლოვაკეთის მხარეს წარმოადგენდნენ ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი სჟაბოლს ჰოდოსი, ენერგეტიკული სექტორის გენერალური დირექტორი იან პეტროვიჩი და ქვეყნის ენერგეტიკის მარეგულირებელი ორგანოს დირექტორი ჯოზეფ ჰოლენჩიკი.
შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს.
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოს ენერგეტიკულ სექტორსა და მის საინვესტიციო პოტენციალზე. აღინიშნა, რომ საქართველო მდიდარია განახლებადი ენერგეტიკული რესურსებით, რომლის მხოლოდ მცირე ნაწილია ათვისებული. სლოვაკური მხარის წარმომადგენლებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოხატეს ენერგოსექტორის ხელშეწყობის სქემებისადმი, რომელთა მიზანი დარგში ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციების მოზიდვა და ამით ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებაა.