არსებობს თუ არა ჯადო თანამედროვე ეპოქაში და რა გავლენას ახდენს ის ადამიანზე – ამ თემაზე ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი გადაცემაში „პოსტ ალიონი“ საუბრობს.
მისი განმარტებით, ჯადო კაცობრიობის არსებობისთანავე გაჩნდა და დღემდე აქტუალურ პრობლემად რჩება. როგორც ასტროლოგი განმარტავს, ის ფართოდ არის გავრცელებული და ბევრ ადამიანს სერიოზულად აზიანებს.
ასტროლოგი იხსენებს პირად გამოცდილებასაც და ამბობს, რომ პირველად მსგავსი შემთხვევა 21 წლის ასაკში შეემთხვა, რის შემდეგაც ამ სფეროს შესწავლა დაიწყო. მისივე თქმით, ამ პროცესში მას ასტროლოგია დაეხმარა.
ეზოთერიკული ხედვის მიხედვით, რასაც ასტროლოგი აღწერს, ადამიანი სულიერი არსებაა, რომელსაც გარს აკრავს ენერგეტიკული ველი. ასევე, მისი განმარტებით, არსებობს ენერგეტიკული არხები და მერიდიანები, რომლებიც სხვადასხვა ფუნქციას ასრულებენ. მისი თქმით, თუ ამ ენერგოველში უარყოფითი ენერგია შეაღწევს, ხდება მისი „დაბინძურება“, რაც საბოლოოდ ადამიანის ცხოვრებასა და ბედ-იღბალზეც აისახება.
ცაგარელი ოთხ ძირითად ფორმას გამოყოფს, რაც, მისი თქმით, ენერგეტიკულ დარღვევებს იწვევს:
ადამიანის საკუთარი უარყოფითი ემოციები და ქმედებები, საგვარეულო გავლენა, ე.წ. „თვალის აღება“, შავი მაგია, იგივე ჯადო.
მისივე განმარტებით, მსგავსი პრაქტიკები მსოფლიოს მასშტაბით არის გავრცელებული, ხოლო საქართველოში მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა. ცაგარელი ამბობს, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ამგვარი ზემოქმედების ქვეშ იმყოფება.
„საქართველოში 10-დან 8 ადამიანს აქვს ჯადო, კატასტრფორულად არის გაზრდილი“,- ამბობს მიხეილ ცაგარელი.
ასევე, ის აღნიშნავს, რომ გარკვეული ზემოქმედება შესაძლებელია დისტანციურად, ფოტოს მეშვეობითაც განხორციელდეს და, როგორც ამბობს, ადამიანი ამას გარკვეულ დონეზე თავადაც გრძნობს.
