LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო შემოწმება დაიწყება

14

ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტესტირება სავალდებულო  2018 წლის 1 იანვრიდან გახდება.

ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, ბრიფინგზე განცხადა.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტესტირების პერიოდულობა საკონსულტაციო კომპანიასთან შეთანხმების შემდეგ განისაზღვრება.

ფასთან დაკავშირებით კი კონსულტაციები გაიმართება და შესაძლოა, ფასის ზედა ზღვარიც დაწესდეს.

ქუმსიშვილი ვარაუდობს, რომ პერიოდული ტესტირებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურა ქვეყნის ყველა რეგიონში სრულად გამართული 2017 წლის ბოლომდე იქნება.

მინისტრი ვარაუდობს, რომ წინასწარი გათვლებით, ამ რეფორმის განსახორციელებლად დაახლოებით, 30 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.

დღეიდან გამოცხადდა ინტერესთა გამოხატვა, ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო პერიოდული ტესტირების სრულად ასამოქმედებლად, საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვის მიზნით.

ქუმსიშვილის თქმით, ინტერესთა გამოხატვაში მონაწილეობის მიღება შეეძლება ყველა საერთაშორისო კომპანიას, რომელსაც ექნება ევროკავშირის წევრ ქვეყნებში პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების დანერგვის გამოცდილება.

„ინტერესთა გამოხატვის წარდგენა მოხდება დალუქული კონვერტით, 2016 წლის 8 დეკემბრის ჩათვლით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში. შეფასების პროცესი წარიმართება შესაბამისი სამთავრობო კომისიის მიერ, რომელიც წარმოდგენილი წინადადებების შესწავლის საფუძველზე გამარჯვებულს გამოავლენს. საბოლოო გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობა მიიღებს. ჩვენ მივესალმებით ყველა ინვესტორის შემოსვლას, რომელიც შესაბამის სტანდარტებს დააკმაყოფილებს”, – განაცხადა დიმიტრიქუმსიშვილმა.

პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის შედეგად, მოხდება ქვეყნის თითოეული რეგიონის შესწავლას ტექნიკური ინსპექტირების განმახორციელებელი ცენტრების რაოდენობის განსაზღვრის მიზნით.

ასევე, ჩამოყალიბდება ინსპექტირების ცენტრების შენობა-ნაგებობების, აღჭურვილობისა და პერსონალის კვალიფიკაციის მიმართ მოთხოვნები. დაინერგება ინსპექტირების პროცესის ერთიანი სისტემა, რომელიც გამორიცხავს შემოწმების პრო0ცესში კორუფციული გარიგებების ალბათობას.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ავტოტრანსპორტის სავალდებულო პერიოდული ტესტირება მოქმედებს ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოში და ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულება ამას საქართველოსაც ავალდებულებს.

ქუმსიშვილის თქმით, ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოს შექმნას უზრუნველყოფას.