ჩვენ მივესალმებით აზერბაიჯანული კომპანიების წარმატებულ საქმიანობას საქართველოში, თუმცა, სამომავლო გეგმები გაცილებით დიდია – მაქსიმალურად უნდა გავზარდოთ ორმხრივი ინვესტიციები, ხელი შევუწყოთ ერთობლივი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას და ჩვენი თანამშრომლობა ახალ საფეხურზე ავიყვანოთ, – აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა Caspian Energy Georgia-ს დაფუძნებისადმი მიძღვნილ სამუშაო ლანჩზე გააკეთა.
მთავრობის მეთაურმა Caspian Energy Georgia-ს ხელმძღვანელებს რეგიონული ორგანიზაციის დაფუძნება მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ ის მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაში.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილმა ასევე დეტალურად ისაუბრა ქვეყანაში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოზე და აღნიშნა, რომ მთავრობა მაქსიმალურად უწყობს ხელს ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვას. პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურებას ბაქოში დაგეგმილი Caspian Energy Forum-ც შეუწყობს ხელს და აღნიშნა, რომ ღონისძიებას საქართველოს მთავრობის მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა ექნება.
არსებული ინფორმაციით, Caspian Energy Georgia საქართველოში სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ინტერესებს გაატარებს, მათ შორის: Caspian European Club, Caspian American Club და Caspian Energy International Media Group–ის ინტერესებს. ამასთან, Caspian Energy Georgia საქართველოს ტერიტორიაზე ჩაატარებს ბიზნეს–ფორუმებს, CEO lunch–ებს, ტრენინგებს, სემინარებს და სხვა.