„მხოლოდ კარგი ღვინოები“ ახალი ქართული სტარტაპია, რომელიც ღვინის მობილურ ქარხანას წარმოადგენს. პროექტი „თიბისი ლიზინგის“ მხარდაჭერით განხორციელდა და 700 000 ევროს მოცულობის ინვესტიციით ქარხანა იტალიაში აეწყო. როგორც „თიბისიში“ განმარტავენ, აღნიშნული მოდელი მორგებულია იმ მეწარმეების საჭიროებებს, რომელთაც წვდომა არ აქვთ უახლეს ტექნოლოგიებზე და საკუთარი ქარხნის გამართვა არ შეუძლიათ შეზღუდული ფინანსური თუ ადამიანური რესურსის გამო. მოძრავ ქარხანას საათში 2700 ბოთლის ჩამოსხმა შეუძლია, ამასთანავე, ღვინოებს ბოთლით, ეტიკეტირებითა და საცობით უზრუნველყოფს.
როგორც კომპანია „მხოლოდ კარგი ღვინოების“ დამფუძნებელი ვასილ მანაგაძე განმარტავს, ინდუსტრიის განვითარებასთან ერთად კიდევ უფრო იზრდება მოთხოვნა ხარისხიან ღვინოზე.
„მცირე და საშუალო მარნებს ამ მიმართულებით საკმაოდ დიდი რესურსი ესაჭიროებათ. სწორედ ამიტომ, უმეტესად მსხვილ ქარხნებს აკითხავენ და ზრდიან პროდუქტის თვითღირებულებას ან საკუთარი ძალებით ასხამენ ღვინოს, რომლის შენახვის ვადა და პირობებიც იზღუდება. ჩვენ აღნიშნულ პრობლემებს სრულად ვაგვარებთ და საქართველოში უალტერნატივო მომსახურებას ვთავაზობთ მათ, ვისაც საკუთარი ღვინის მაღალი ტექნოლოგიებით ჩამოსხმა სურს,“ – აღნიშნავს ვასილ მანაგაძე.
ცნობისთვის, „მხოლოდ კარგი ღვინოების“ სერვისით უკვე ისარგებლა 10-მდე მეღვინეობამ, თუმცა მოთხოვნა მზარდია და შემოდგომით კომპანიაში კიდევ უფრო დიდ მიმართვიანობას ელიან.