საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი, რომელიც სახლში მკურნალობდა, უკვე გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა, ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სახლის პირობებში ამჟამად საქართველოში სხვა არავინ მკურნალობს.
„შემიძლია, გაგახაროთ, რომ ის გამოჯანმრთელებულია. ამჟამად სხვა არავინ მკურნალობს სახლის პირობებში და ჩვენი ჯანდაცვის სისტემა მედგრად უძლებს დაავადებულთა ამ რაოდენობას, რაც ახლა გვყავს. ეს კარგია ორი წამყვანი მიზეზის გამო; პირველი ის, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ამ მხრივ, უფრო კარგადაა მართული, როცა დაავადებული ადამიანები იზოლირებულები არიან. მეორე ის, რომ მუდმივი სამედიცინო მეთვალყურეობა მიმდინარეობს მათ ჯანმრთელობაზე“ – განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი 604 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 240 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 9 პაციენტი.
