LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობა 14 კომპანიას სურს

155

საქართველოში მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობის სურვილი 14-მა კომპანიამ გამოთქვა.  სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის” ინფორმაციით, გაზსაცავის დაპროექტების, შესყიდვის, მონტაჟისა და ექსპლუატაციაში მიღების (EPIC) სამუშაოების შესყიდვის ღია საერთაშორისო ტენდერის წინასაკვალიფიკაციო ეტაპზე დარეგისტრირდა 55 კომპანია, რომელთაგან 14-მა წარმოადგინა შემოთავაზება.

”წარმოდგენილი წინადადებების შეფასების შედეგად შერჩეული იქნება კომპანიები, რომლებიც ტენდერის მეორე ეტაპზე, მომავალი წლის დასაწყისში, წარმოადგენენ დეტალურ ტექნიკურ წინადადებას და EPIC სამუშაოების ფასს”, – აცხადებენ  „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში“

მათივე ინფორმაციით, გაზსაცავის სამშენებლო სამუშაოების დაწყება 2018 წლის პირველ ნახევარში იგეგმება. ”მშენებლობის პირველ ეტაპზე გაბურღული იქნება ორი შემფასებელი ჭაბუღილი. ჩატარებული სამუშაოების შედეგად მიღებული იქნება დამატებითი გეოლოგიური ინფორმაცია და დაზუსტდება საცავის ტექნიკური პარამეტრები. სამგორის გაზსაცავის მშენებლობის დასრულება 2021 წლისთვის განიხილება. ამ დროისთვის შაჰ-დენიზის გაზსადენიდან საქართველოსთვის მოსაწოდებელი გაზის მოცულობები მნიშვნელოვნად გაიზრდება”, -განმარტავენ კორპორაციაში.

შეგახსენებთ, გაზის მიწისქვეშა საცავის მშენებლობა განხორციელდება თბილისთან ახლოს სამგორის სამხრეთი თაღის დაცლილ, დამუშავებულ ნავთობის საბადოზე. პროექტის ღირებულება, წინასაწარი შეფასებებით, 250 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბებს და მასში 300 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზის შენახვა იქნება შესაძლებელი.