“საქართველოში ორხელისუფლებიანობაა – სააკაშვილი პროცესს ციხიდან მართავს, ხელისუფლება თვითიზოლაციიდან”,- ამის შესახებ ექსპერტმა, ხათუნა ლაგაზიძემ „პალიტრანიუსის“ეთერში ქვეყანაში განვითარებული პროცესების შეფასებისას განაცხადა.
ხელისუფლება „დაყავი და იბატონეს“ პრინციპით მოქმედებს, სადაც ექსპერტის შეფასებით, მთავარ მტრად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გამოჰყავს.
“ამან მიგვიყვანა იქამდე, რომ აღარ გვაქვს შეხების წერტილები, საერთო, ეროვნულ გამაერთიანებელ იდეაზე, ღირებულებებზე, პიროვნებებზე ვეღარ ვსაუბრობთ, ეს არის კატასტროფა. ეს არის უმძიმესი დანაშაული, რომელსაც „ქართულ ოცნებას“ ვერასდროს ვაპატიებ. ამ ტიპის გახლეჩილი, ენერგიაგამოცლილი ერის დამონება, დაპყრობა და მართვა ნებისმიერი გარე დამპყრობისთვის არის უმარტივესი რამ. ეს არის დღევანდელობის მთავარი გამოწვევა და ნაპერწკალია საჭირო იმისათვის, რომ ამ დაპირისპირებამ შეუქცევადი ხასიათი მიიღოს”,-აღნიშნა ექსპერტმა.
ლაგაზიძის შეფასებით, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, დასავლეთის დუმილი შემზარავი და შოკისმომგვრელია.
“დასავლეთში ჩვენი პოლიტიკოსები იმას კი არ უნდა ელაპარაკებოდნენ თავზე ნაცარწაყრილები, „არიქა გვიშველეთო,“ თავი კი არ უნდა მოაბეზრონ, პირდაპირ და გადაჭრით უთხრან, რომ დღეს აქ მათი ინტერესებიც წყდება და მათი სახის დაკარგვის რეალური საშიშროებაა“, – აღნიშნა ხათუნა ლაგაზიძემ.
