ZUK Group-ის წევრი „ევროკრედიტი“ საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა, რომელიც ბაზარზე უკვე 15 წელია ოპერირებს. კომპანია ორიენტირებულია ინოვაციურ, მომხმარებელზე მორგებულ ფინანსურ პროდუქტებზე. ციფრული სერვისების განვითარების კვალდაკვალ, „ევროკრედიტმა“ მომხმარებლებს ახალი პროდუქტი – საქართველოში პირველი სრულად ციფრული ავტო სესხი შესთავაზა:
სალომე გიორგბერიძე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის „ევროკრედიტი“ საოპერაციო დირექტორი:
– მოგეხსენებათ, დღეს საქართველოში მომხმარებლებს ტრადიციული ფინანსური სერვისების მისაღებად მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, თუ ბანკების ფილიალში ფიზიკურად მისვლა, რიგში დგომა და სტანდარტული ბიუროკრატიული პროცესების გავლა უწვეთ, ანუ ისინი ერგებიან სიტუაციას. სწორედ მომხმარებლების გამოცდილების გასაუმჯობესებლად შევქმენით ციფრული ავტო სესხი, რომელიც წარმოადგენს სწრაფ და მომხმარებელზე მორგებულ სერვისს.
„ევროკრედიტის“ ციფრული ავტო სესხის აღება შესაძლებელია მარტივად, ჩვენს ვებგვერდზე განაცხადის შევსებით, რის შემდეგაც სისტემა ავტომატურად იღებს გადაწყვეტილებას საკრედიტო ლიმიტის თაობაზე და მომხმარებელს ძალიან სწრაფად ვუბრუნებთ უკუკავშირს. იქიდან გამომდინარე, რომ დღეს უკვე გამარტივებულია საჭირო დოკუმენტების ციფრულად მიწოდება, დაწყებული განაცხადის შევსებიდან, დამთავრებული საკრედიტო ლიმიტთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებით, მომხმარებელს მარტივად, რამდენიმე წუთში, სახლიდან, ოფისიდან თუ ნებისმიერი სხვა სივრციდან გაუსვლელად, მობილური ტელეფონის ან ინტერნეტის ქსელში ჩართული კომპიუტერის საშუალებით შეუძლია, რომ მოგვწვდეს და ამ პროდუქტით ისარგებლოს.

– ეს იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელი დამოუკიდებლად, თქვენი თანამშრომლის თუნდაც დისტანციური დახმარების გარეშე გაართმევს თავს ამ ოპერაციას.
– დიახ. როდესაც ადამიანი იწყებს განაცხადის შევსებას, მისთვის მარტივ ენაზე, ნაბიჯ-ნაბიჯ არის გაწერილი თითოეული ეტაპი და იგი უბრალოდ უნდა მიჰყვეს ინსტრუქციას. საჭიროა მხოლოდ და მხოლოდ ყურადღება, არ უნდა ვიჩქაროთ – სწორად შევსებული განაცხადი სწრაფი გადაწყვეტილების მიღებას უზრუნველყოფს. რამდენიმე დღეა, რაც ეს პროდუქტი ავამოქმედეთ და გვიხარია, რომ მომხმარებლებისთვის ციფრული ავტო სესხის აღება მარტივი პროცესი აღმოჩნდა. ვიღებთ დადებით შეფასებებს, ვითვალისწინებთ შენიშვნებსაც, რათა კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ ეს სერვისი.
– სესხის გაცემისას, ცხადია, ყურადღებას აქცევთ მომხმარებლის საკრედიტო ისტორიას.
– დიახ. მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელი თავიდანვე თავად ირჩევს სასურველ თანხასა და ვადას. ამის შემდეგ უკვე სისტემა აფასებს მომხმარებლის მხრიდან წარმოდგენილ დოკუმენტაციას ან ჩვენი მხრიდან მოთხოვნილი მცირე ინფორმაციის საფუძველზე მის საკრედიტო შესაძლებლობებს და ამ ყველაფრის გათვალისწინებით გენერირდება რამდენიმე შეთავაზება. საბოლოო ჯამში, მომხმარებელი ირჩევს მასზე მორგებულს.
– შესაძლებელია თუ არა სესხის თანხის დამატება?
– როცა სრულად ციფრულ ავტო სესხზე და ზოგადად, ბარიერების გარეშე მომსახურებაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი რაც შეიძლება მარტივი იყოს. პრაქტიკულად, ჩვენ მომხმარებელს ვათავისუფლებთ დროითი წნეხისგან და საშუალებას ვაძლევთ, მისთვის მოსახერხებელ დროს მიიღოს სასურველი თანხა. „ევროკრედიტმა“, დაახლოებით ერთი წლის წინ, ბაზარს შესთავაზა განმეორებითი, ანუ სესხის დამატების პირობა, ასევე სრულად ონლაინ. ამ ფაქტის გახსენებით იმის თქმა მინდა, რომ მომხმარებლებს, რომლებიც ჩვენთან ახალი, ანუ სრულად ონლაინ სესხით ისარგებლებენ, თუ საკრედიტო ლიმიტი არსებობს, შეთავაზების ფარგლებში, მათ იმ დღესვე, მეორე დღიდან ან რამდენიმე გადახდის შემდეგ შეუძლიათ ასევე ონლაინ, სრულად დისტანციურად, ფილიალში მიუსვლელად დაამატონ თანხა არსებულ სესხზე. აღსანიშნავია, რომ აქამდე არცერთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას ამის შეთავაზების შესაძლებლობა არ ჰქონდა. აქვე დავაზუსტებ კიდევ ერთ შესაძლებლობას სრულად ციფრული პირველი სესხის შემთხვევაში, რომ მომხმარებლებს აქვთ ორი შესაძლებლობა სესხის თანხის მიღების ეტაპზე – ერთი ის, რომ ჩვენი ფილიალების არცთუ ისე პატარა ქსელიდან თავიდანვე აირჩიონ მათთვის სასურველი ლოკაცია ან მოითხოვონ და ჩვენ კონკრეტულ ადგილზე შეგვიძლია მივწვდეთ და გარკვეული დოკუმენტაცია წარვადგინოთ.

– შეიძლება ვთქვათ, თუ არა, რომ ბაზრისთვის სრულად ციფრული ავტო სესხის შეთავაზება კომპანიისთვის ფინტექ მიმართულებაზე გადასვლაა?
– დიახ. ჯერ კიდევ 2022 წელს ვთქვით ხმამაღლა, რომ ამ მიმართულებით სვლა გვინდოდა და დავიწყეთ გარკვეული ეტაპებით. თავდაპირველად ეს იყო შიდა წვრილ-წვრილი ოპერაციები, ახლა კი მომხმარებლების ნაწილზეც გადავედით. შესაბამისად, ჩვენი ახალი პროდუქტი არ არის მხოლოდ პროდუქტი, ეს არის ჩვენთვის გლობალური ხედვა, როდესაც ტექნოლოგიები და მომხმარებლის გამოცდილება გადმოგვაქვს ცენტრში. გვინდა, ამ ყველაფერს დავაკვირდეთ და ახლო მომავალში ჩვენი საქმიანობა გავხადოთ ბევრად უფრო საინტერესო.
– რას ნიშნავს სრულად ციფრული ავტო სესხის იდეა ბაზრისთვის?
– უპირველესად, მომხმარებელს ეძლევა ფართო არჩევანი, გადაწყვეტილება მიიღოს საკუთარი სურვილის და გამოცდილების მიხედვით. მინდა მჯეროდეს, რომ ჩვენთან მიღებული პირველი გამოცდილების შემდეგ მომხმარებელს გრძელვადიან პერსპექტივაში ექნება სურვილი, დარჩეს „ევროკრედიტთან“. უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ასეთი ტიპის ახალი პროდუქტები ბაზარსაც აჯანსაღებს. ეს კონკურენციის გარკვეული ეტაპია, რომელიც სხვა კომპანიებსაც დააფიქრებს მომხმარებლებისთვის უფრო და უფრო მაღალი ხარისხის პროდუქტის შეთავაზებაზე, თან ციფრულ რეჟიმში.