LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში პროდუქტების ფასების მონიტორინგის სისტემა უმჯობესდება

5488494ae464c-660x330

ევროკავშირის მხარდაჭერით, გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, საქართველოში სასოფლოსამეურნეო პროდუქტების ფასების მონიტორინგის სისტემას აუმჯობესებს.

მონიტორინგის სისტემა საქართველოში 2015 წლიდან ჩამოყალიბდა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში.

FAO-ს ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის პროდუქტების საბაზრო ფასების მონიტორინგი 100-ზე მეტ სასოფლოსამეურნეო პროდუქტზე ქვეყნის მასშტაბით 59 მუნიციპალიტეტში ხორციელდება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფერმერთა საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების თანამშრომლები სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებზე ფასებს ყოველკვირეულად აგროვებენ და სამინისტროს ცენტრალურ აპარატს აწვდიან, ამ ინფორმაციის შემდგომი დამუშავებისა და პოლიტიკის შემუშავებაში გამოყენების მიზნით.

ფასების მონიტორინგის პროცესის გაუმჯობესების მიზნით შეიქმნა ონლაინ აპლიკაცია, რომლის საშუალებითაც მონაცემთა შეგროვება ელექტრონულად, კომპიუტერული ტაბლეტების მეშვეობით ხორციელდება და მონიტორინგის დასრულებისთანავე, შეგროვებული და შეყვანილი ინფორმაცია სამინისტროს სერვერზე ავტომატურად იგზავნება. აღნიშნული საგრძნობლად ამარტივებს მონიტორინგის პროცესს და ამცირებს შეცდომის დაშვების შესაძლებლობას.

ახალი აპლიკაციის დანერგვის მიზნით, შიდა ქართლსა და მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტებში საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების თანამშრომლებს თებერვლის თვეში ტრენინგები ჩაუტარდათ. აღნიშნული გადამზადება სხვა მუნიციპალიტეტებშიცაა დაგეგმილი. მონაწილეები მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას აპლიკაციის გამოყენების, ფასების მონიტორინგის სისტემაში შესული ყველა მეთოდოლოგიური ცვლილების და პროდუქტების განახლებული ჩამონათვალის შესახებ. ტრენინგები ჩატარდება გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), სამინისტროს სტატისტიკისა და ანალიტიკის სამმართველოს და სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ.

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით.

პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზები მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები