LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში საწვავი 5-თეთრამდე გაძვირდა- როგორია საშემოდგომო პროგნოზი?

100

საქართველოში მსხვილმა ნავთობკომპანიებმა, ბოლო ერთი კვირაში, საწვავი 5 თეთრამდე გააძვირეს. თუმცა, როგორც ”ფორტუნას” ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ, ვანო მთვრალაშვილმა განუცხადა, ქვეყანაში საწვავის გაძვირების პროცესი გაცილებით ადრე დაიწყო, ვიდრე ეს ბოლო რამდენიმე დღეა.

”მოგეხსენებათ, ჩვენ პირდაპირ ვართ დამოკიდებულნი საერთაშორისო ბაზრებზე, სადაც უკანასკნელი თვე-ნახევრის-2 თვის მანძილზე ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გაძვირების ტენდენცია შეინიშნება. ეს პროცესი ავტომატურად აისახება ჩვენზეც: ფასების მატება ჯერ არაბრენდირებულმა ავტოგასამართმა სადგურებმა დაიწყეს, შემდეგ კი უკვე – ბრენდირებულმა ავტოგასამართმა სადგურებმაც”, – აღნიშნა მთვრალაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, საქართველოში დაახლოებით 1000-ზე მეტი ავტოგასამართი სადგურია და თითოეულ მათგანს ფასების მატება ეტაპობრივად მოუწია. ჯამში, საქართველოში, ბოლო პერიოდში, საწვავი 5 თეთრამდეა გაძვირებული.

რაც შეეხება საშემოდგომო მოლოდინებს, როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ამბობს, წინასწარ პროგნოზირება რთულია, რადგან საერთაშორისო ბარზებზე ნავთობპროდუქტების ფასები მუდმივად იზრდება. ”თუმცა, იმის გათვალსიწინებით, რომ ჩვენთან საწვავი ახალი გაძვირებულია, ამასთან ლარი ჯერჯერობით დოლართან მიმართებაში სტაბილურობას ინარჩუნებს – უნდა ვივარაუდოთ, რომ უახლოეს პერიოდში საწვავზე ფასის კიდევ უფრო მატება აღარ გველის”, – აღნიშნა მთვრალაშვილმა.

შეგახსენებთ, ბოლო 1 კვირაში მეორედ, GULF-ის ქსელში საწვავის ფასი ისევ გაიზარდა.   რამდენიმე მარკის საწვავი 2 -3 თეთრით გაძვირდა. ფასები ბოლო მატების შემდეგ  1-5  თეთრით არის გაზრდილი “ვისოლის” ქსელშიც. საწვავზე ფასებმა მოიმატა ასევე “ლუკოილის” ავტოგასამართი სადგურების ტაბლოებზეც -ზრდა ამ შემთხვევაშიც 5 თეთრია.

ცნობისთვის, 2017 წლის 23  აგვისტოს ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 52,57 (+ 0,70)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში  York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 48,41 (+ 0,58)  დოლარი/ბარელზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g