საქართველოში შესაძლოა, ელექტრომობილების ქარხანა აშენდეს, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ „მწვანე პოლიტიკა – ეკოტრანსპორტის“ პრეზენტაციაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, მთავრობა უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს ორ მსხვილ მწარმოებელთან, რათა საქართველოში ელექტრომობილების ქარხანა აშენდეს. ამასთან, ბახტაძემ ელექტრომობილების ახალი სალიზინგო სქემებისთვის სტიმულის მიცემაზეც ისაუბრა.
„ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან ფისკალურ სტიმულს მივცემთ ისეთ სალიზინგო სქემების ამუშავებას საქართველოში, რომლის მიხედვითაც, მომხმარებელი შეიძენს ელექტროავტომობილს და ფაქტობრივად იმ ხარჯის ეკონომიით, რასაც მიიღებს საწვავიდან დანაზოგი სახსრების მეშვეობით, 5 წლიან ვადაში გამოისყიდის ავტომობილს, ფაქტობრივად, დამატებითი ხარჯების გარეშე. ბუნებრივია, ეს ქმნის ძალიან მნიშვნელოვან უპირატესობებს. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში გაგვიჩნდება ბაზარი, საკმაოდ მსხვილი და ჩვენ უკვე ვაწარმოებთ ორ ყველაზე მსხვილ ბრენდთან მოლაპარაკებას, რომ საქართველოში აშენდეს ელექტრომობილების ქარხანა,“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.