LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ტურისტული საქმიანობების რეგისტრაცია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში სავალდებულო ხდება

119
გზა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილეს კანონპროექტი „ტურიზმის შესახებ“ და მისგან გამომდინარე პროექტები: „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონების შესახებ“.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა საკითხის წარდგენისას განმარტა, ტურიზმის სფეროში აქამდე არსებული მოძველებული საკანონმდებლო ბაზა სახელმწიფოს მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე აყენებს, რათა ადეკვატურად უზრუნველყოს ტურისტული საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი ბაზის მოწესრიგება, ტურისტთა უფლებების ეფექტიანი დაცვა და ტურისტული სერვისების გაუმჯობესება და სხვა.

მისი თქმით, ტურიზმის განვითარების მიზნით ახალი საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავება, ასევე, განპირობებულია გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებისა და ამოცანების მოთხოვნებით, რომელთა განსახორციელებლად დაინტერესებულია საქართველო, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის სრულუფლებიანი წევრი.

კანონპროექტის შესაბამისად ხდება ტურიზმთან დაკავშირებული სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრა, ტურიზმის სექტორში სამეწარმეო საქმიანობის რეგულირებისა და კოორდინაციის პრინციპების დადგენა, მომხმარებელთა უფლებების დაცვის სტანდარტების უზრუნველყოფა და სახელშეკრულებო ურთიერთობების რეგულირება. განისაზღვრება უფლებამოსილი ორგანოების ფუნქციებისა და მოვალეობების, სახელმწიფო ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის მექანიზმები. ასევე, რეგულირდება ტურისტების უფლებები და მოვალეობები, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები.

პროექტით განისაზღვრება საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფლებამოსილებანი და ტურიზმის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის მიზნები და პრინციპები. ასევე, სავალდებულო ხდება ტურისტული საქმიანობების რეგისტრაცია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში.

მომხსენებლის განცხადებით, კანონპროექტით შესაძლებელი გახდება ტურისტული მომსახურების ხელშეკრულების ევროკავშირის დირექტივებთან შესაბამისობაში მოყვანა.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკითხის პლენარულ სხდომაზე გატანას.

magti 5g