LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სარეკლამო SMS-ების მიღებას მომხმარებელი თავად გადაწყვეტს

231

სარეკლამო შეტყობინების მიღებაზე უარის თქმა უახლოეს პერიოდში გამარტივდება. მომხმარებელს სპეციალური ელექტრონული სისტემის საშუალებით თავად შეეძლება განსაზღვროს ვისგან, რა დროს და რა სიხშირით მიიღოს სარეკლამო შეტყობინება. პერსონალურ მოანცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა შეიმუშავა პირდაპირ მარკეტინგზე უარის თქმის მექანიზმი და პარლამენტს განსახილველად უახლოეს პერიოდში წარუდგენს.

სარეკლამო შეტყობინებებზე უარის თქმის არსებული მექანიზმი თითოეულ SMS-ზე  ან ზარზე ცალ-ცალკე რეაგირებას საჭიროებს, რაც არა მარტო დისკომფორტს უქმნის მომხმარებლებს, გარკვეულ დროსაც მოითხოვს და ბევრ შემთხვევაში არაეფექტურია.

ერთ-ერთი მობილური ოპერატორის მომხმარებელი ალექსანდრე ჯავახიშვილი ამბობს, რომ სარეკლამო შეტყობინებაზე უარის თქმის შეთხვევაშიც კი იგივე კომპანიისგან SMS-ები არ შეწყვეტილა.

”სარეკლამო მესიჯები დღის განმავლობაში იმდენად ხშირად მომდის ბანკებისგან, ფარმაცევტული კომპანიებისგან, მაღაზიებისგან და ა.შ. რომ უკვე შემაწუხებელია. თან ხშირად ღამის საათებშიც გზავნიან. ვაგზავნი უარყოფის კოდებს და ზუსტად იგივე კომპანიებისგან რამდენიმე დღეში ისევ მოდის SMS-ები”– ამბობს ის.

სარეკლამო შეტყობინებებზე უარის თქმის მექანიზმის არაეფექტურობაზე საუბრობს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანიც.

”ინსპექტორის აპარატის მიერ შემუშავებული მექანიზმი ევროპულ პრაქტიკას ეფუძნება და სპეციალური ელექტრონული სისტემის შექმნას გულისხმობს, რომლის საშუალებითაც მოქალაქე საკუთარ ნომერზე კონტროლს დაიბრუნებს. სისტემის საშუალებით მომხმარებელი  თავად განსაზღვრავს თუ საიდან სურს შეტყობინების მიღება და აღარ მოუწევს ინდივიდუალურ რეჟიმში თითოეულ მათგანზე უარის თქმა”- ამბობს რადიო ფორტუნასთან საუბარში თამარ ქალდანი.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს პირდაპირი მარკეტინგის წესების დარღვევისთვის 27 კომპანია დაჯარიმდა. გამოვლენილი დარღვევების უმეტესობა სატელეფონო ზარებსა და სარეკლამო SMS-ებზე უარის თქმის მექანიზმის არ არსებობას ან მათი ხარვეზებით ფუნქციონირებას ეხებოდა.

როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის აპარატში აცხადებენ, ახალი სისტემა ერთის მხრივ გაუმარტივებს მოქალაქეებს პირდაპირ მარკეტინგზე უარის თქმას, მეორეს მხრივ, არ დაზარალდება ბიზნესი და შეძლებს საკუთარი სათქმელის მომხმარებლამდე მიტანას.

 

 თამუნა გოგუაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g