LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საშინელი პანიკა, წივილ-კივილი იყო.. ჩემი ძმა და დისშვილი გაიტაცა, ეს იყო ყველაზე საშინელი კადრები. დამანგრეველი ხმა გაისმა, უზარმაზარი ტალღა დაგვეჯახა და შორს გადაგვისროლა“ – რას იხსენებს ლანა ჯელაძე 

1788
Untitled design (3)

3 აგვისტოს, შოვში მომხდარი სტიქიის დეტალებს კიდევ ერთი გადარჩენილი იხსენებს – ლანა ჯელაძე ტელეკომპანია „პალიტრას“ ეთერში ჰყვება, თუ რა გადაიტანეს და როგორ გაუმკლავდნენ მეწყერს ის და მისი ოჯახის წევრები.

ვიდეო: „სამოთხეში ვიყავით შოვის ტყეში მთელი ოჯახი და ზუსტად ნახევარ საათში ჯოჯოხეთში მოვხვდით…” – რას იხსენებს დავით ჯელაძე

„შოვში იმ ტერიტორიაზე ვიყავით, სადაც ფესტივალი ჩატარდა, შემდეგ მინერალურ წყალთან ჩავედით. 2 მანქანით ვიყავით, სულ 10 ადამიანი. მე ჩემი სიძის მანქანაში ვიჯექი, ჩემს უკან კი ჩემი ძმა მოდიოდა – ჩემი და, დედა და ორი დისშვილი მასთან ერთად იყო.

უკან, ხიდზე რომ დავბრუნდით და მანქანით წამოვედით, ჩემმა სიძემ დაიყვირა – ნახეთ, უკან რა საშინელება ხდებაო.

გავიხედეთ, ხდება მართლა სასწაული, მოდის მთელი მთა – ნიაღვარი, უზარმაზარი ლოდები, ხეები. ჩემმა სიძემ ჩემს ძმად დაუძახა, გააჩერე მანქანა და გადმოდიო. შემოვიდნენ ხიდთან, სასწაული ხდება, ხმა არის დამანგრეველი, შემაძრწუნებელი, ჩვენს თვალწინ ხეები იქცევა. მინერალური წყლის ტერიტორიაზე რომ გადავიხედეთ, ნიაღვარს მანქანები მიჰქონდა.

ხიდზე რომ ჩამოვდექით, უკან უზარმაზარი მასა მოდიოდა, წინ გზა უკვე ჩაკეტილი იყო – არც წინ გვქონდა წასასვლელი, არც უკან.

მთელი ოჯახი და ჩვენთან ერთად მყოფი სხვა ადამიანებიც, იძულებულები გავხდით, ამ მასაში შევვარდნილიყავით – ვეფლობით, საშინელი ქვა-ღორღია, ხეები გვეჯახება, ვერ მივდივართ, არც ვიცით, რა ვქნათ, სად წავიდეთ.. არის საშინელი პანიკა, წივილ-კივილი, ბავშვები ტირიან, უფროსებიც ვყვირით.

შემდეგ რაღაც დამანგრეველი ხმა გაისმა, უზარმაზარი ტალღა დაგვეჯახა და სადღაც შორს გადაგვისროლა. ამ დროს ჩემი ძმა და დისშვილი გაიტაცა, ეს იყო ყველაზე საშინელი კადრები, რომლებიც თვალებიდან არ ამომდის.

ჩემს ძმას მაშო ზურგზე ჰყავდა მოკიდებული, მხრებიდან ჩამოუვარდა, ღმერთის წყალობით, ხელი არ გაუშვა, თორემ… არ ვიცი, რა ძალა მიეცა ჩემს ძმას, იმ მორევიდან როგორ, რა ძალით ამოვიდა, შემდეგ ეს უზარმაზარი ტერიტორია გადალახა და ჩემი დისშვილი სამშვიდობოს გადაიყვანა.

ჩვენ მეორე ტალღაც დაგვეჯახა, პატარა ბავშვები გვყავდა, არ ვიცოდით, რომელს მიშევლებოდით. დაახლოებით, 4 საათი ვისხედით ლაფში და შველას ველოდებოდით“, – იხსენებს ლანა ჯელაძე.

„მე ერთ-ერთი ვარ იმ 16-დან, რომელიც მეწყერში მოყვა და გადარჩა. გადავრჩით მთელი ოჯახი – მე, მეუღლე და ჩემი 4 წლის ბიჭი.. 2 საათი ნახევრად ჩაფლულები ვიყავით შუაგულ მეწყერში“ – რას ჰყვება შოვის სტიქიას გადარჩენილი 

ცნობისათვის, ამ დროისთვის არსებული ბოლო მონაცემებით, შოვში, სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა. უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 200-ზე მეტი ადამიანი. სტიქიის ეპიცენტრში დაკარგული ადამიანების ძებნა ინტენსიურ რეჟიმში ამ დრომდე გრძელდება.

სტიქიის ზონაში მიმდინარე სამძებრო-სამაშველო ოპერაციის შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას წაიკითხავთ აქ – მეწყერი შოვში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები