არავინ იცის, რა დაჯდა რიყეზე მდებარე ”მშვიდობის ხიდის” აშენება, თუმცა მისი შენახვა სახელმწიფო ბიუჯეტს ყოველწლიურად 500 ათასი ლარი უჯდება – ამის შესახებ რადიო ”ფორტუნასთან” საუბრისას საკრებულოს წევრმა დეპუტატმა, სოსო მანჯავიძემ განაცხადა.
მისივე მტკიცებით, ხიდს ექსპლუატაციის ვადა მხოლოდ 12 თვე ჰქონდა და ვადა დიდი ხანია გაუვიდა. ცნობისთვის, ”მშვიდობის ხიდი” 2009-2010 წლებში აიგო.
სოსო მანჯავიძის ინფორმაციითვე, დღეისთვის ხიდის საყრდენები მოშლილია და საზოგადოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
„ამის თქმის საფუძველს თბილისის მერიასთან არსებული შპს ”ლაბორატორიის” მიერ ჩატარებული წინასწარი კვლევა იძლევა, კვლევის დასკვნა კი უახლოეს ხანში გასაჯაროვდება,“ – აღნიშნა საკრებულოს დეპუტატმა.
ამასთან, თავად სოსო მანჯავიძე მოკლე ხანში გაასაჯაროებს იტალიიდან იმ კომპანიის მიერ გამოგზავნილს წერილს, რომელმაც ხიდის აგების სამუშაოები განახორციელა.
„სწორედ აღნიშნულ წერილში წერია, რომ რიყეზე მდებარე ხიდის საექპლუატაციო ვადად, იტალიელი სპეციალისტები, 10-12 თვეს განსაზღვრავდნენ“ – განაცხადა ”ფორტუნასთან” სოსო მანჯავიძემ.
მისივე თქმით, ეს წერილი ერთადერთი დოკუმენტია, რისი მიღებაც მერიამ შეძლო. მანჯავიძის თქმითვე, ”მშვიდობის ხიდის” აგების შესახებ არ არსებობს არანაირი დოკუმენტაცია, მათ შორის არც მიღება-ჩაბარების აქტი, არც დოკუმენტი, თუ რა დაჯდა ხიდის მშენებლობა და არ არსებობს არც მისი ტექნიკური დახასიათება. ხიდის მშენებლობისთვის წინა ხელსიუფლებამ სახსრები ქალაქის განვითარების ფონდიდან გამოყო, ფონდი ახლა ლიკვიდირებულია და მერიამ არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად, ვერსად შეძლო რაიმე დოკუმენტის მოპოვება.