LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასტუმროში „პარაგრაფი“ USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

123
პროგრამა

დღეს, სასტუმროში „პარაგრაფი“, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, რომელზეც სიტყვით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩი რობინ დანიგანი და საერთაშორისო ორგანიზაციის „სოფლის მეურნეობაში ახალი საზღვრების დადგენა“ (CNFA) პრეზიდენტი სილვან როი გამოვიდნენ.

ღონისძიებაზე პროგრამის ფარგლებში მიღწეულ შედეგებზე იმსჯელეს და პროგრამის ბენეფიციარი, წარმატებული აგრობიზნესების წარმომადგენლები დააჯილდოვეს.

ოთარ შამუგიამ აშშ-ის მთავრობას და USAID-ს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ აშშ საქართველოს ძლიერი მხარდამჭერია, როგორც პოლიტიკური თვალსაზრისით, ასევე ეკონომიკური განვითარების მიმართულებით.

„ამერიკის შეერთებულ შტატებთან აქტიურად ვთანამშრომლობთ როგორც გარემოს დაცვის, ისე სოფლის მეურნეობის მიმართულებით. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 1000-ზე მეტმა საწარმომ  სხვადასხვა ტიპის მხარდაჭერა მიიღო, დაინერგა სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტები, საწარმოებმა მნიშვნელოვნად გაზარდეს წარმოება და რეალიზაცია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საექსპორტო ბაზრებზე. საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია სოფლის მეურნეობის განვითარება. მიმდინარე წელს, ჩვენი ფერმერებისა და მეწარმეების მხარდასაჭერად 15-მდე პროექტს ვახორციელებთ, რაც ღირებულებათა ჯაჭვის, ფაქტობრივად, მთელ სპექტრს მოიცავს. პარტნიორებთან ერთად განხორციელებული პროექტები, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს გაცილებით უფრო ეფექტიანს ხდის. საბოლოო ჯამში, ჩვენი მიზანია მხარი დავუჭიროთ ფერმერებს აწარმოონ ხარისხიანი ქართული პროდუქცია და იყვნენ უფრო კონკურენტუნარიანი მსოფლიო ბაზარზე“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა პროგრამის ფარგლებში მიღწეულ შედეგებზე გაამახვილა ყურადღება.

„აშშ და საქართველო 32 წელია პარტნიორობენ და ამ პერიოდის განმავლობაში აშშ-მა საქართველოში დაახლოებით 6 მლრდ დოლარის ინვესტიცია განახორციელა. USAID-ის სოფლის განვითარების პროგრამამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა სოფლის მეურნეობის განვითარების საქმეში. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 6000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა და პროგრამამ გავლენა იქონია 100 000 ადამიანის ცხოვრების გაუმჯობესებაზე და ამავე დროს, სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებაზე“, – განაცხადა ელჩმა.

როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, პროგრამის შედეგად, დაახლოებით, 150 მლნ-მდე დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა.

ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების და დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამას, რომლის ბიუჯეტი 26.88 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა, საერთაშორისო ორგანიზაცია „სოფლის მეურნეობაში ახალი საზღვრების დადგენა“ ხუთ ნახევარი წლის განმავლობაში ახორციელებდა. პროგრამამ ქვეყნის მასშტაბით ხელი შეუწყო სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებას, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური შესაძლებლობების გაძლიერებას, ახალი ბაზრების ათვისებასა და ექსპორტის ზრდას.

პროგრამის პარტნიორები იყვნენ: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტო, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო, სსიპ  „აწარმოე საქართველოში“, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები, ფინანსური ინსტიტუტები და მედია საშუალებები.