„ნამახვანიჰესის პროექტი ერთ-ერთი კარგი მაგალითია, როდესაც ასეთი მსხვილი დიდი სამშენებლო პროექტი მთავრობის ჩართულობით შეიძლება ხორციელდებოდეს ისე, რომ ნაკლები ზიანი მიაყენოს ბუნებას და ადგილობრივი მოსახლეობაც იყოს მაქსიმალურად კმაყოფილი,“ – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში განაცხადა, სადაც ნამახვანი ჰესის პროექტის მშენებლობისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო.
მინისტრის განცხადებით, ნამახვანი ჰესის პროექტი ენერგეტიკაში საუკუნის პროექტია.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მსხვილი ჰიდროსადგური დადგმული სიმძლავრით 430 მგვტ; მსხვილი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია 800 მლნ აშშ დოლარის ოდენობით, რომელსაც თურქული კომპანია „ენკა“ ახორციელებს. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ეს რომ ეს არის საქართველოს ენერგოუსაფრთხოებაში შეტანილი ძალიან დიდი წვლილი, რადგან მშენებლობის დასრულების შემდეგ საკუთარი გენერაციით ჩვენი მოხმარების თითქმის 12 პროცენტი იქნება უზრუნველყოფილი. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ეს არის დიდი დასაქმება და კეთილდღეობა, რაც ამ პროექტს მოაქვს ადგილობრივი მოსახლეობისთვის,“ – აღნიშნა ნათია თურნავამ.
პროექტში ამ დროისთვის 370-მდე ადამიანია ჩართული. ჯამში ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტში საქართველოს 1600-მდე მოქალაქე იქნება დასაქმებული.