საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი აცხადებს, რომ ბოლო კვირის განმავლობაში ახალი პაციენტი არ მიუღიათ. მისი განმარტებით, ამ დროისათვის კლინიკაში სულ 47 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის 38 კოვიდინფიცირებულია. რატიანის თქმით, დღეს სამედიცინო დაწესებულებიდან გაეწერება ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი, ხოლო დღის ბოლოს კიდევ რამდენიმე ანალიზის პასუხს ელოდებიან. რეანიმაციულ განყოფილებაში მყოფი 2 პაციენტიდან შესაძლოა ერთი დღეს გაეწეროს, მეორეს მდგომარეობას კი რატიანი მძიმედ აფასებს.
„ამ ეტაპზე კლინიკაში 47 პაციენტი გვყავს. აქედან კოვიდინფიცირებული 38 შემთხვევაა. დღეს კლინიკიდან გამოჯანმრთელებულ მდგომარეობაში ეწერება ერთი პაციენტი. ველოდებით რამდენიმე პასუხს და ალბათ დღის მეორე ნახევარში დაემატება ოთხი გამოჯანმრთელებული. დაახლოებით 6-7 დღეა ჩვენს კლინიკას ახალი შემთხვევა არ მიუღია. რეანიმაციაში ორი პაციენტი რჩება, ერთის მდგომარეობა სტაბილურია. სავარაუდოდ დღის მეორე ნახევარში გაეწერება სახლში, შინ მოვლის პირობებში. მეორის მდგომარეობა მძიმე რჩება, მაგრამ მართვადია. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია” – განაცხადა ლევან რატიანმა.
მისივე განმარტებით, კლინიკაში 2 ორსული ქალბატონი მკურნალობს, რომელთა მდგომარეობა სტაბილურია.
დღევანდელ ბრიფინგზე კლინიკის ხელმძღვანელმა გასული თვის სტატისტიკაზე ისაუბრა და განმარტა, რომ დაწესებულებამ 1500-მდე საეჭვო შემთხვევა მიიღო, საიდანაც 163 მოქალაქეს კორონავირუსი დაუდასტურდა. კლინიკას დღემდე 125 გამოჯანმრთელებული პაციენტი ჰყავს. რატიანი იმედს გამოთქვამს, რომ 1 ივნისიდან კორონავირუსთან ბრძოლა შეწყდება და კლინიკა მუშაობის ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება.
„კლინიკამ 10 მარტიდან დღემდე გაატარა დაახლოებით 1500-მდე საეჭვო შემთხვევა, აქედან 163 იყო კოვიდდადასტურებული, საიდანაც 125-მა დატოვა კლინიკა. იმედია ასე გაგრძელდება. პაციენტები გადანაწილებული არიან ორ სართულზე შემჭიდროვებულად. დღეს მთავრდება მედპერსონალის 15 დღე, რომლებიც მკაცრ კარანტინში იყვნენ. მათ არც ერთს არ დაუდასტურდა კორონავირუსი. ეს პირები დატოვებენ კლინიკას 14 დღით. ახლა შემოსულია ახალი ბრიგადა. იმედია, რომ ამ ეტაპისთვის ბოლო იქნება. ივნისიდან ვიმედოვნებთ, რომ მოვემსახუროთ ჩვეულებრივ პაციენტებს და გადავალთ ჩვეულ რეჟიმში. ეს, როგორც მე, ასევე მთელ საქართველოს და ძალიან გვინდა“, – განაცხადა რატიანმა.