ეკონომისტი ოთო აბესაძე საწვავის კიდევ უფრო გაძვირებას და ლარის კურსის კიდევ უფრო მეტად გაუფასურებას პროგნოზირებს. ის ამბობს, რომ საწვავი ყველაზე „გაუბედურებულ” და არაბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურზე ღირს 3.4 ლარი. დოლარის კურსი კი 3.47 ლარია.
„დროით დინამიკურ მწკრივში ექსტრაპოლაციის შედეგად, საწვავი გაძვირდება 50 თეთრით და ლარი კვლავ გაუფასურდება 40 თეთრით. გააუქმეთ აქციზის გადასახადი საწვავზე და გაუშვით დღგ მცურავ რეჟიმზე (დასვით 10% ზე):
ეს შეაჩერებს ინფლაციას;
ეს შეაჩერებს ლარის გაუფასურებას;
ეს გააიაფებს საწვავს 85 თეთრით;
ეს მისცემს ბიზნესს ახალი ბაზრების მოძიების საშუალებას;
ეს როგორც მინიმუმ შეაჩერებს ფასების ზრდას.
ეს ყველაფერი მოკლევადიან პერიოდში (6 თვე) და ამ პერიოდში აგრესიულად იმუშავეთ რომ მიიღოთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ეს სტატუსი მოგვცემს ახალი ბაზრების, ინვესტიციების და ფინანსური ნაკადების საშუალებას, რომელიც ავტომატურად დაასტაბილურებს ზემოთ აღნიშნულ პრობლემებს“, – მიმართავს ეკონომისტი საქართველოს მთავრობას და ურჩევს, რომ ქამრები შემოიჭირონ.
„შემოიჭირეთ ქამრები. ამ რეფორმით დაკარგავს ბიუჯეტი 4 მილიარდ ლარამდე და ეს კარგია. ნაკლებ ლარს დახარჯავთ ამ გიჟური ინფლაციის ფონზე. გაანახევრეთ ადმინისტრაციული ხარჯი და ზემოდან, ხარჯვით ნაწილს მოაკელით 2 მილიარდი ლარი. ვინ გასწავლათ ეკონომიკა, სად წაიკითხეთ, ვის უსმენთ?“ – ამბობს ოთო აბესაძე.