LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საზაფხულო სიურპრიზი მძღოლებს – მალე მოძრაობა ლილოს გზაზეც შეიზღუდება

62

კიდევ ერთი საგზაო სიურპრიზი მოსახლეობას – პეკინის გამზირის შემდეგ, თბილისის მერია ლილოს გზის კაპიტალურ რეაბილიტაციას გეგმავს. კეთილმოწყობის სამსახურის ინფორმაციით, უკვე მიმდინარეობს პროექტირება და გზის რეაბილიტაცია მიმდინარე წელს დაიწყება.

საუბარია ე.წ. აეროპორტის ხიდებიდან ლოჭინის ხიდამდე გზის მონაკვეთზე,  სადაც მოხდება ასფალტის ძველი საფარის აყრა, მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება – სრულად გამოცვლა და ასფალტის ახალი საფარის დაგება. კეთილმოწყობის სამსახურის ინფორმაციით, გზის რეაბილიტაციის პროცესში საავტომობილო მოძრაობა არ გადაიკეტება , თუმცა დაწესდება შეზღუდვები.

საგზაო სამუშაოების დაწყების კონკრეტული თარიღი ჯერჯერობით უცნობია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გზის პროექტირება, რომლის დასრულების შემდეგაც მოხდება პროექტის ექსპერტიზა და ტენდერის გამოცხადება.

კახეთისკენ მიმავალი ერთადერთი გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო  შეფერხება არამარტო თბილისელებს, ქალაქიდან გამსვლელ ნებისმიერ მძღოლს  და ტურისტსაც შეეხება.

მაგისტრალურ გზაზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, ტრანსპორტის გადაადგილების კუთხით სერიოზულ პრობლემებს პროგნოზირებენ  ტრანსპორტისა და გზების ასოციაციაში.

„ლილოს გზაზე სარემონტო სამუშაოების დაწყება ტრანსპორტის გადაადგილების კუთხით გაცილებით დიდ პრობლემებს შექმნის,  ვიდრე ეს პეკინის ქუჩაზე მოხდა. მაგისტრალი არის საერთაშორისო მნიშვნელობის, გზაზე მოძრაობს ადგილობრივი და ტურისტული მგზავრების ნაკადი და სამუშაოების დაწყებამდე მნიშვნელოვანია, მოხდეს სერიოზული კვლევის ჩატარება , საავტომობილო ნაკადის დათვლა. ასევე აუცილებელია  ალტერნატიული მარშრუტის მოძიებაც,“ – აცხადებს „ფორტუნასთან“ ასოციაციის პრეზიდენტი, დავით მესხიშვილი.

ლილოს გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყების ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა გზის დაგება, დიდი ალბათობით,  წინასაარჩევნოდ მოხდება,  რაც მსგავსი მნიშვნელობის გზაზე სამუშაოების წარმოებისთვის  გაუმართლებელ დროდ მიაჩნიათ სპეციალისტებს.

„მსგავსი ტიპის საგზაო სამუშაოები , როცა საქმე საერთაშორისო მნიშვნელობის მაგისტრალს ეხება, არა ზაფხულში ან შემოდგომაზე, არამედ თებერვლიდან, გაზაფხულის ჩათვლით, უნდა დაიგეგმოს, როცა ნაკლებია ტურისტული ნაკადი.  როგორც წესი, საგზაო სამუშაოების დაწყებას წინ სერიოზული კვლევები უნდა უძღოდეს, სადაც ყველა პრობლემა და ფაქტორი იქნება გათვალისწინებული, რაც საქართველოში არ ხდება,“ – აცხადებს მესხიშვილი.

წლების განმავლობაში დაგროვილი საგზაო სამუშაოების ერთიანად დაწყების გამო, მოქალაქეებს ტრანსპორტით გადაადგილების პრობლემა  განსაკუთრებით პიკის საათებში ექმნებათ. საგზაო სამუშაოების გამო, ქუჩის გადაკეტვის შესახებ ინფორმაციის გავრცელება, როგორც წესი, წინასწარ არ ხდება და დილით მოსახლეობას  ქუჩა სიურპრიზად  შეიძლება, დახვდეს ჩაკეტილი.

„ფორტუნა“ იმ ქუჩების ჩამონათვალს გთავაზობთ, სადაც უახლოეს მომავალში საგზაო სამუშაოების გამო, გზის გადაკეტვა ან მოძრაობის შეზღუდვაა დაგეგმილი.

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო,  დღეიდან საავტომობილო მოძრაობა   შეიზღუდება ასათიანისა და ზაქარიაძის ქუჩებზე. პროექტის ფარგლებში გამოიცვლება ბორდიურები და დაიგება ასფალტის ახალი საფარი, ასევე მოეწყობა სანიაღვრე ქსელი.

პერიოდულად საავტომობილო მოძრაობა შეფერხდება ვაკის რაიონშიც. გზის სარემონტო სამუშაოები დაიწყება წყნეთის  და ელიავას ქუჩაზე. იგეგმება გზის გადაკეტვაც. სამუშაოები 1 აგვისტოს დასრულდება.
კაპიტალურად შეკეთდება რამდენიმე ქუჩა ნაძალადევის რაიონშიც, მათ შორის ხევისუბნის,  მაღაროს, ზვარეთისა და ზედაზნის ქუჩები. ნაძალადევში დაგეგმილი სამუშაოების გამო, წინასწარი ინფორმაციით, ცენტრალური გზების გადაკეტვა არ გახდება საჭირო.

 

თამუნა გოგუაძე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები