საქართველოს ნაკრებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა კალათბურთელებმა სტუმრად ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი სერბეთი დაამარცხეს – 94:90.
ეს გამარჯვება სამუდამოდ ჩაიწერება ქართული კალათბურთის ისტორიაში. მიუხედავად იმისა, რომ საქართველისთვის ევრობასკეტის შესარჩევს სიმბოლური დატვირთვა აქვს, ეს მაინც ოფიციალური ტურნირია, სერბეთს კი გამარჯვებები სჭირდება, ამიტომ ჩვენების წარმატება სრულიადაც არ კნინდება.
შედეგი მოულოდნელია, მით უმეტეს, თუ გავიხსენებთ როგორ გაგვიჭირდა რამდენიმე დღის წინ ბევრად სუსტი შვეიცარიის შინ დამარცხება. ამას ჩვენი გუნდის გადახალისებული შემადგენლობაც დაუმატეთ და ისიც, რომ ილიას ზუროსი ახალგაზრდებს აძლევს თავის გამოჩენის საშუალებას.
მოსამზადებელი შესარჩევი მოულოდნელი დრამატიზმით: საქართველომ შვეიცარიას ძლივს მოუგო
მატჩი დაძაბული, დრამატული და სანახაობრივი გამოდგა. პირველი პერიოდი მასპინძლების უპირატესობით წარიმართა და მათი კომფორტული სხვაობით 28:18 გამარჯვებით დასრულდა.
მეორე პერიოდის დასაწყისში ჩვენმა გუნდმა ჩამორჩენა 5 ქულამდე შეამცირა. ამის შემდეგ ილიას ზუროსმა თავის გამოჩენის საშუალება ახალგაზრდებსაც მისცა. პირველი ტაიმი კი მასპინძლებმა 48:41 მოიგეს.
მეორე ტაიმში ქართველებმა შესანიშნავად ითამაშეს და საყაიმო ანგარიში არაერთხელ დაფიქსირდა, რამდენჯერმე დავწინაურდით კიდეც. სამი პერიოდის შემდეგ ანგარიში 67:65 იყო მასპინძელთა სასარგებლოდ. მეოთხე პერიოდში საქართველო მოწოდების სიმაღლეზე იყო და მოულოდნელი გამარჯვებაც მოიპოვა – 90:94.
მატჩის საუკეთსო მოთამაშე და ბომბარდირი (33 ქულა) მაკფადენი გახდა.
შეგახსენებთ, რომ სერბეთს ჩვენი კარგი ნაცნობი, წლების განმავლობაში საქართველოს ნაკრების მწვრთნელი იგორ კოკოშკოვი წვრთნის.