LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,სექსი კი არა, ფარჩაკ ქვეყანაში ცხოვრება გვეზარება” – „თეთრი ხმაური“ ცუნამს აანონსებს

300

„8 წელი მთელი უსასრულობაა, ასე სასტიკად ჩვენს ქვეყანაში მოძალადეებს არ სჯიან, ქვეყანაში სადაც მოწევის გამო დემოგრაფიული მდგომარეობის გაუარესებასაც გვაბრალებენ. ჩვენ სექსი არ გვეზარება, ჩვენ ამ ფარჩაკ ქვეყანაში ცხოვრება გვეზარება, სადაც ასე სჯიან ადამიანებს. საპროტესტო ტალღა ცუნამად იქცევა“ – ასე მიმართა „თეთრი ხმაურის“ გარეთ დარჩენილმა ერთ-ერთმა ლიდერმა პარლამენტის წინ შეკრებილებს.

 

არაფრის პოპულარიზაციას არ ვახდენთ და არც ნარკოტიკებს ვითხოვთ

როგორც აღმოჩნდა, ტალღის ცუნამად ქცევაში ახალგაზრდებს ამჯერად საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც დაეხმარებიან, მწერლები, მსახიობები, მათ შორის ისინიც, რომლებიც ამ საკითხზე აქამდე ხმამაღლა არ საუბრობდა. ერთ-ერთია მსახიობი ეკა დემეტრაძე.


„ჩვენ 90-იან წლებში გავიზარდეთ და ძალიან კარგად ვიცით რა არის ნარკოტიკი, რა ცუდი შეიძლება იყოს. ძალიან ვთხოვ შესაბამის ინსტიტუციას შეწყვიტოს დემაგოგია. არაფრის პოპულარიზაციას არ ვახდენთ და არც ნარკოტიკებს ვითხოვთ. ჩვენ საკუთარ თავისუფლებას ვიცავთ. არ აქვს მნიშვნელობა მოვიხმარ თუ არა ნარკოტიკს, აბსურდული და შეურაცხმყოფელია, როდესაც ადამიანს, რომელმაც კლუბის დაცვას თავში დანა ჩაარტყა, გაცილებით ნაკლები სასჯელი ელის, ვიდრე ნარკოტიკის მომხმარებლებს.
როდესაც სახელმწიფო საუბრობს ნარკოტიკის მომხმარებელთა რიცხვის ზრდაზე, სჯობს ამის გამომწვევ მიზეზებსა და ქვეყანაში არსებულ სტრესულ გარემოზე იზრუნოს“, – ამბობს „ფორტუნასთან“ ეკა დემეტრაძე.

 

რატომ უნდა ვენდოთ სისტემას და არა ადამიანს?

არის თუ არა რეალურად გიორგი გიორგანაშვილი დამნაშავე, ამ ფაქტს მწერალი ლაშა ბუღაძე განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ანიჭებს. მისი მოსაზრებით არსებულ კითხვებზე მტკიცების ვალდებულება სამართალდამცველ უწყებას აკისრია.


„პროკურატურა და სასამართლო ისე წარმოაჩენენ თითქოს ყველაფერი ნათელია და ჩვენ არ გვჯერა. რატომ უნდა ვენდოთ ავტორიტეტდაკარგულ სისტემას და არ ვენდოთ ადამიანს? სწორედ ეს პრობლემაა, თორემ აქ ვერავინ დაიჩემებს რა არის სიმართლე ან ვინ არის მტყუან-მართალი. დაგვიმტკიცონ, დაგვაჯერონ! ვერ ამტკიცებენ და ესაა პრობლემა.
საბჭოთა სისტემა ამბობდა, რომ ადამიანები ხალხის მტრები იყვნენ და აწყობდა გადასახლებებს. 90-იანებში კარგად გვახსოვს სისტემის განუკითხაობა, შემდეგ ამავე სისტემის მიერ მოკლული გირგვლიანი და ახლა გვთხოვენ, რომ ვენდოთ.
პრობლემა მარტო გიორგანაშვილის შემთხვევა არ არის, ტოტალურ პრობლემასთან გვაქვს საქმე – გაუნათლებლობასთან, ავტორიტარიზმთან და ამის გასაპროტესტებლად არა მარტო ახალგაზრდები, ყველა თაობის, ყველა პროფესიის ადამიანები უნდა გამოვიდნენ და ასე ნაბიჯ-ნაბიჯ, როგორც თავისუფლება მოვიპოვეთ, უნდა ვიბრძოლოთ სამართლიანი სახელმწიფოსთვის“, – განაცხადა „ფორტუნასთან“ საუბარში ლაშა ბუღაძემ.

 

 არ არსებობს მტკიცებულებები, არ არსებობს მოწმე

კონკრეტული საქმეების განზოგადებისა და ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მოთხოვნას აყენებს მწერალი პაატა შამუგიაც. ის გიორგანაშვილისადმი წარდგენილ ბრალს საქმეში მტკიცებულებებისა და მოწმეების სიმცირის გამო არ ენდობა. პაატა შამუგია კოლეგების მსგავსად აქცენტს არა ბრალეულობის მტკიცებაზე, არამედ სასჯელის შეუსაბამობაზე აკეთებს.


„კითხვები გვაქვს არა მხოლოდ ბრალთან, არამედ სისტემასთან დაკავშირებითაც. არ არსებობს მტკიცებულებები, არ არსებობს სანდო მოწმე, არსებობს მხოლოდ პოლიციელების ჩვენებები და თავს უფლებას აძლევენ ასე მიიღონ გადაწყვეტილება“.

 

ახალი მოძრაობა „ყველა ერთისთვის“, რომელშიც საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც გაერთიანდებიან, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მოთხოვნით პერმანენტულ საპროტესტო აქციებს და სამთავრობო უწყებების პიკეტირებას აანონსებენ.

თამუნა გოგუაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g