LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სეზონური ალერგიული რინიტი და მისი მკურნალობა – ინტერვიუ ალერგოლოგთან

474
ქეთევან ომიაძე

სეზონური ალერგიული რინიტი ცხვირის ღრუს ლორწოვანის ანთებით მიმდინარე ალერგიულ დაავადებას წარმოადგენს, რომელიც კონკრეტულ სეზონზე ვლინდება. ის საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა და მსოფლიო მოსახლეობის 10-30%-ში გვხვდება. გლობალური დათბობისა და კლიმატის ცვლილების პირობებში მისი გავრცელება კიდევ უფრო მზარდია.

რა იწვევს სეზონურ ალერგიულ რინიტს? როგორია მისი სიმპტომები? როგორ ხდება დაავადების დიაგნოსტიკა და მკურნალობა? – ამ და სხვა კითხვებით თოდუას კლინიკის ვერის ფილიალის ალერგოლოგს, ქეთევან ომიაძეს მივმართეთ.

რა ტიპის ალერგენები იწვევს დაავადებას და წელიწადის რა დროს მატულობს მისი შემთხვევები?

სეზონური ალერგიული რინიტის გამომწვევია მცენარის მტვერი. მაგალითად, გაზაფხულზე ხე-მცენარეები ყვავილობენ, ზაფხულში – მარცვლოვანი მცენარეები, ხოლო შემოდგომაზე – სარეველები. სიმპტომებიც ვლინდება იმის მიხედვით, თუ რომელ სეზონზე მოყვავილე მცენარის მიმართ აქვს ადამიანს მომატებული მგრძნობელობა. დაავადება შეიძლება განსაკუთრებით გამწვავდეს ტემპერატურის ცვლილებისა და ქარიანი ამინდის დროს.

რა სიმპტომები ახასიათებს სეზონურ ალერგიულ რინიტს?

სეზონური ალერგიული რინიტის სიმპტომებია: ცხვირიდან უხვი წყლისებრი გამონადენი; მრავალჯერადი ცემინება; ცხვირის გაჭედვა; ცხვირის, თვალების, ყელის, ყურების ქავილი; ცრემლდენა და თვალების სიწითლე; ხველა და ჰაერის უკმარისობა. ჩამოთვლილთაგან შესაძლოა გამოხატული იყოს რომელიმე ერთი ან სხვადასხვა სიმპტომის კომბინაცია.

რა გართულებები ახასიათებს დაავადებას?

ალერგიული რინიტი უარყოფითად აისახება ადამიანის ცხოვრების ხარისხზე. ასევე, მან შესაძლოა გამოიწვიოს ისეთი გართულებები, როგორებიცაა: ცხვირის დანამატი წიაღების ანთება (სინუსიტი), შუა ყურის ანთება (ოტიტი), ცხვირის პოლიპოზი, ძილის დარღვევა, ძილის აპნოე, ასთმა. ამიტომ მნიშვნელოვანია, დროულად მიმართოთ ალერგოლოგს და აიცილოთ გარემოს არასასურველი გავლენა ცხოვრების ხარისხზე.

როგორ ხდება მისი დიაგნოსტიკა და მკურნალობა?

ალერგიული რინიტის დიაგნოსტიკა ეფუძნება დეტალურ ანამნეზს, კლინიკურ სურათს და ისეთ ლაბორატორიულ გამოკვლევებს, როგორიცაა: კანის სინჯები და სისხლის შრატში ალერგენ-სპეციფიკური IgE ანტისხეულების განსაზღვრა.

ალერგიული რინიტი საჭიროებს სპეციფიკურ, დაავადების სიმპტომებზე, მათი მიმდინარეობის სიმწვავეზე, გამოვლენის პერიოდსა და ხანგრძლივობაზე ორიენტირებულ მკურნალობას. იმისთვის, რომ ის ეფექტური იყოს, აუცილებელია დაინიშნოს ექიმის მიერ. ალერგიული რინიტის მკურნალობა მოიცავს ანტიჰისტამინურ მედიკამენტებს, ინტრანაზალურ ანტიჰისტამინურ პრეპარატებს, ინტრანაზალურ სტეროიდებს, ანტილეიკოტრიენებს და იმუნოთერაპიას.

ასევე, მაპროვოცირებელი ფაქტორების იდენტიფიკაციის შემდეგ, სასურველია შეიზღუდოს მათი ექსპოზიცია. დაავადების გამწვავების თავიდან აცილების მიზნით, მკურნალობის პარალელურად, გასათვალისწინებელია შემდეგი რეკომენდაციები:

  • მოერიდეთ შენობის გარეთ აქტიურ საქმიანობას, მაგალითად, ვარჯიშს დილის 10 სთ-დან შუადღის 4 სთ-მდე, რადგან ამ პერიოდში ჰაერში მცენარეული მტვრის კონცენტრაცია მაღალია. იყავით შენობაში, განსაკუთრებით ქარიან ამინდში;
  • დაკეტეთ ფანჯრები სახლსა და მანქანაში, ჩართეთ კონდიციონერი;
  • მოერიდეთ ტანსაცმლის გარეთ გაშრობას ქარიან ამინდში;
  • სახლში დაბრუნების შემდეგ დაიბანეთ სახე და ხელები, რათა ჩამოირეცხოთ დალექილი მტვერი;
  • მცენარეთა ყვავილობის პიკის დროს უპირატესობა მიანიჭეთ ზღვის კურორტს, რადგან ზღვაზე მცენარეული საფარველი ნაკლებია, ხოლო ზღვის სანაპირო ზოლი შთანთქავს ჰაერში არსებულ ალერგენებს.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები