LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა ამონაშვილი: ჩვენ აღზრდას სერიოზულად არ ვუდგებით, სკოლაში საერთოდ გამოვრიცხოთ აღზრდა, არ არის

446
Untitled design (1)

რა იწვევს მოზარდებში აგრესიას და რატომ გახშირდა ძალადობის ფაქტები, რომლებიც ხშირად სავალალო შედეგებამდე მიდის – საკითხზე ფილოლოგი და ფსიქოლოგი შალვა ამონაშვილი ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „თავგადასავალი“ საუბრობს.

ფსიქოლოგი უმნიშვნელოვანეს ფაქტორად აღზრდას ასახელებს და აღნიშნავს, რომ ბავშვის აღზრდას საზოგადოება სერიოზულად არ უდგება, რასაც შემდეგ გამოუსწორებელ შედეგებამდე მივყავართ:

„ადამიანი არ იბადება აგრესიული განზრახვებით და მიდრეკილებებით, ამას შემდეგ იძენს საზოგადოებაში, როდესაც აღზრდაში რაღაც დააკლდება, მაშინ ამოიზრდება როგორც სარეველა, რაღაც უკეთური მიდრეკილება – ბოროტება, სიძულვილი, დაცინვა, ბევრი არაკეთილი ქცევა.

როგორც პედაგოგი, ამ ყველაფერს, პირველ რიგში, აღზრდას ვაბრალებ, ჩვენ აღზრდას სერიოზულად არ ვუდგებით არც ოჯახში, არც სკოლაში, სკოლაში საერთოდ გამოვრიცხოთ აღზრდა – არ არის აღზრდა, იქ შეიძლება უთხრან ბავშვს: ჭკვიანი, კარგი იყავი, წესიერად მოიქეცი, მაგრამ ესენი აღზრდას არ ნიშნავს, ოჯახში კი გაუთავებელი დარიგებებია – არ წახვიდე, არ მოხვიდე, ასე ნუ იქცევი. აღარც სკოლაში და აღარც ოჯახში, მით უმეტეს, ქუჩაში სულ არ არსებობს – აღზრდა გაქრა.

აღზრდა საზოგადოების განვითარების ფუნდამენტური ცნებაა, სხვა რა დავასახელოთ მეორე?

წარსულში, ჩვენი წინაპრები უფრო მეტად აფასებდნენ აღზრდას. მაგალითად დედაჩემიც კი, ძალიან იყო დაყარაულებული, რომ მე რამე ცუდი არ მექნა, მზრდიდნენ ისე, როგორც მათი შეხედულებით უნდა გავეზარდე და ბევრი რამ მომცეს კიდეც.

ახლანდელი ბავშვები პლანშეტებმა, სასიამოვნო გასართობებმა დაიპყრეს.

ეს გასართობები ხომ აღზრდისთვის არ არის მოგონილი.

თუ ჩვენ – დედა, მამა, ჩვენს თავს არ ვეტყვით, რომ ჩემს ოჯახში ღირსეული შვილები გავუზარდო ქვეყანას, რომ ჩემი შვილების ვინმეს არ ეშინოდეს.. ეს ცნობიერება როგორ ჩავუდოთ მშობელსა და მასწავლებელს? ეს თითქოს ყველამ იცის, მაგრამ ამის გაკეთება არ უნდა, რაღაცას დააბრალებს – დრო არ მაქვს, ბავშვი უხეშია და ყველაფერს მიაბრალებს, მე კარგი დედა და მამა ვარ, მაგრამ ბავშვი არ გამომადგა.

ბავშვი კი არ გამომადგა, ჩვენ არ გამოვადექით ბავშვს – ეს დიდებმა კარგად უნდა იცოდნენ, თუ არ იციან, შეეშლებათ და კიდეც ეშლებათ.

ბავშვი რომ ბილიკს ასცდება, ის კიდეც მოკლავს, ცუდადაც მოიქცევა, ბევრ ისეთ რამეს ჩაიდენს, რაც დიდს და პატარას აგვაფორიაქებს.

რატომ არ არის ჩვენი ცხოვრება დალაგებული? იმიტომ რომ ოჯახიდან, სკოლიდან არ წამოვიღეთ კულტურა, ცალი ყბით კი გვითხრეს კულტურაზე, განა არ გვითხრეს, მაგრამ არ ჩაგვაგონეს და ვერ გამოვიტანეთ.

ვინ არის დამნაშავე – ბავშვი, რომელმაც ამხანაგი დაჭრა თუ რაღაც ცუდი ჩაიდინა, თუ ის ვინც მას ზრდიდა? გულში უნდა ჩავიხედოთ – რად ვიბარებთ ბავშვს გასაჩენად, ხომ გამოიძახე, რად გამოიძახე? იყო ის სული იქ და თუ აქ ეძახი, ალბათ, მას რაღაც უნდა მისცე.

ბავშვს არ უნდა არც შენი ქონება, არც ბანკის წიგნაკები, თვითონ შექმნის ყველაფერს – შენ ნიჭი განუვითარე, ზრდილობა მიეცი, ხალხი შეაყვარე და ღმერთისკენ მოახედე, ის შემდეგ ამ ცხოვრებიდან მიიღებს ყველაფერს, რაც ეკუთვნის და ბედნიერიც იქნება“, – აღნიშნავს ფსიქოლოგი.

ვიდეო: „რაც დღეს ბავშვს აკლია, ეს არის მზრუნველი და მეგობარი ადამიანი” – შალვა ამონაშვილი

ვიდეო: რას გირჩევთ მშობლებს შალვა ამონაშვილი, როცა შვილებთან ურთიერთობა დაგეძაბებათ: „დაუწერე, რა გაწუხებს, რა გახარებს, ოღონდ საყვედური არა…“

magti 5g