„1989 წელს როდიონოვის ჯარისკაცებმა სცადეს, მაგრამ დამოუკიდებლობის იდეა ვერ მოჩეხეს. დღეს, რუსთაველზე, როდიონოვის ნიჩბიანი ჯარისკაცები უცხო დროშების მოფრიალე სამშობლოდაკარგულმა ადამიანებმა ჩაანაცვლეს, რომლებიც იმავე დაუნდობლობით ცდილობენ საქართველოს დამოუკიდებლობის იდეის დაჩეხვას“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი წერს.
როგორც პაპუაშვილი წერს, ახლა, როდესაც სახელმწიფო შემდგარია და ქვეყანა თავის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას ბოლომდე იცავს, უცხო ძალამ კვლავ გადაწყვიტა მისი ფუნდამენტის მორყევა.
„განსხვავებები არსებობდა ყოველთვის. ისტორიის ყველაზე მძაფრ წუთებშიც კი.
ასე იყო 1989 წლის 9 აპრილსაც. აზრთა სხვადასხვაობა არსებობდა მაშინაც, როცა არჩევნები ტარდებოდა და მრგვალი
მაგიდის გარდა სხვა პარტიებმა ბოიკოტი გამოაცხადეს; შეხედულებათა სხვაობა იყო რეფერენდუმის ჩატარების საჭიროებაზე; ყველა საკითხზე იყო სხვაობა.
აზრთა სხვადასხვაობა სამოქალაქო ომამდეც მისულა. მაგრამ დრო გავიდა, ისტორიამ პროცესი შეაფასა, ხალხმა დასკვნები გამოიტანა. გამოჩნდა, რა იყო უგუნურების ბრალი და რა გარედან წაქეზებით ჩადენილი.
და ახლა, როდესაც სახელმწიფო შემდგარია და ქვეყანა თავის
სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას ბოლომდე იცავს, უცხო ძალამ კვლავ გადაწყვიტა მისი ფუნდამენტის მორყევა. კვლავ აამოქმედა სიძულვილის პროპაგანდა. მას სურს გაგვყოს და იბატონოს, დაგვიმორჩილოს და გვმართოს, ჩვენს ეროვნულ ინტერესად თავისი პოლიტიკური დღის წესრიგი შემოგვიცუროს.
1989 წელს როდიონოვის ჯარისკაცებმა სცადეს, მაგრამ დამოუკიდებლობის იდეა ვერ მოჩეხეს. დღეს, რუსთაველზე, როდიონოვის ნიჩბიანი ჯარისკაცები უცხო დროშების მოფრიალე სამშობლოდაკარგულმა ადამიანებმა ჩაანაცვლეს, რომლებიც იმავე დაუნდობლობით ცდილობენ საქართველოს დამოუკიდებლობის იდეის დაჩეხვას.
ეს დღეს აღარ გამოვა. ქართველმა ხალხმა ისწავლა გაკვეთილი. ისწავლა და აირჩია ხელისუფლება, რომელიც ჩვენს სახელმწიფოს ბოლომდე დაიცავს.
ჩვენ ამ პროვოკაციას არ ავყვებით, ისინი ვერ ეღირსებიან თავიანთი სცენარის შესრულებას. ერთადერთი რაც ამ ქვეყანაში შესრულდება, ქართველი ხალხის დაკვეთაა.
ეს დაკვეთა თანასწორობა, სამართლიანობა, დამოუკიდებლობა და თვითმყოფადობაა.
ჩვენ გავიმარჯვებთ, საქართველო გაიმარჯვებს, 9 აპრილის იდეა და დაღვრილი სისხლი გაიმარჯვებს!“- წერს პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.
9 აპრილის ტრაგედიიდან 36 წელი შესრულდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა.
პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.
„ისტორია ყველაფერს დაარქმევს სახელს და ამას ქართველი ხალხის გამარჯვება ერქმევა“ – ნანა მახარაძე
1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ თარიღი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა.