„პოსტვ“-ის გუნდმა მივიღეთ გადაწყვეტილება, ღიად და აქტიურად დავუჭიროთ მხარი ახლად შექმნილ საზოგადოებრივ მოძრაობა „ხალხის ძალას“, – ამის შესახებ ნათქვამია ტელეკომპანია „პოსტვ“-ის განცხადებაში, რომელსაც სოციალური ქსელის მეშვეობით საზოგადოებას შალვა რამიშვილი უზიარებს.
ვიქტორ ჯაფარიძის მიერ წილების ყიდვის თაობაზე გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ არხს ჰყავს ახალი დამფუძნებელი, არხის საკონტროლო პაკეტი ეკუთვნის ვიქტორ ჯაფარიძეს, რომელთანაც აქვთ სრული იდეოლოგიური თანხვედრა.
„ძვირფასო მეგობრებო, დაარსების დღიდან ჩვენი ტელევიზია ღიად და დაუფარავად აცხადებდა თავისი მიზნებისა და ამოცანების შესახებ.
ჩვენს უპირატესობად ვთვლით, რომ მაყურებელს პატიოსნად ვეუბნებოდით, თუ ვის და რა იდეას ვუჭერდით მხარს. ასევე, თავიდანვე ცხადი იყო ის იდეოლოგიური პლატფორმა, რომელზედაც არხი იდგა. ჩვენი გულწრფელობა დაფასდა და ძალიან დიდი მადლიერებით გვინდა აღვნიშნოთ, რომ დღითი დღე იზრდება ჩვენი არხის ერთგული მაყურებლის რიცხვი და შესაბამისად რეიტინგიც.
ახალ დროს ახალი გამოწვევები მოაქვს. ჩვენი უცვლელი პრინციპია, ვემსახუროთ ხალხს და ქვეყანას იქ, სადაც სიმართლეა და ისე როგორც ჩვენ გვწამს. ამიტომაც, „პოსტვ“-ის გუნდმა მივიღეთ გადაწყვეტილება, ღიად და აქტიურად დავუჭიროთ მხარი ახლად შექმნილ საზოგადოებრივ მოძრაობა „ხალხის ძალას“.
მიგვაჩნია, რომ მათ მიერ გაცხადებული მიზანი, ქართველმა ხალხმა გაიგოს მეტი სიმართლე, ამ რთულ და ფეთქებადსაშიშ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, ემთხვევა ჩვენი არხის შექმნის იდეას. არხი დღეიდან ხდება მოძრაობა „ხალხის ძალას“ მედიაპლატფორმა, ჩვენი არხის რამდენიმე სახე უშუალოდ გახდა ორგანიზაციის წევრი. არხს ჰყავს ახალი დამფუძნებელი, არხის საკონტროლო პაკეტი ეკუთვნის ვიქტორ ჯაფარიძეს, რომელთანაც გვაქვს სრული იდეოლოგიური თანხვედრა. ღრმად გვწამს, რომ ამ ნაბიჯების გადადგმით ჩვენს წვლილს შევიტანთ საქართველოს უკეთესი მომავლის შექმნაში“, – წერს შალვა რამიშვილი.
ცნობისთვის, დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ, რომელიც „ქართული ოცნებიდან“ წასულ დეპუტატებს შეუერთდა, ტელეკომპანია POSTV-ის 52%-იანი წილი შეიძინა. ამის შესახებ დღეს მოძრაობა „ხალხის ძალის“ დამფუძნებელმა, სოზარ სუბარმა განაცხადა