ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დღეს ხევსურეთს ეწვია – ნათია თურნავა შატილში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათ დაგეგმილი პროექტები გააცნო, მათ შორის სოფელ შატილთან 200 კვტ დადგმული სიმძლავრის მცირე ჰიდროელექტროსადგურის – ბიტეხი 1 ჰესის მშენებლობის შესახებ მიაწოდა დეტალური ინფორმაცია.
როგორც თურნავამ აღნიშნა შატილელებთან შეხვედრისას, სოფელთან მიკროჰესის მშენებლობა ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც დიდ როლს ითამაშებს რეგიონის განვითარების საქმეში, მათ შორის ხელს შეუწყობს ტურიზმის ზრდის მიმართულებით.
„შატილი ჩვენი ხელისუფლებისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია, ჩვენ აქ ვახორციელებთ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან პროგრამას, მათ შორის მიკროჰესის მშენებლობის პროექტს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჰესი ნოემბრისთვის ჩართული იყოს“, – აღნიშნა მინისტრმა. რაც შეეხება შატილში მიმდინარე სხვა პროექტებს, მათ შორის აღსანიშნავია სათემო ინტერნეტიზაციის პროექტი, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვიტარების სამინისტროს ეგიდით ხორციელდება – უკვე სამ კვირაში შატილში ხარისხიანი ინტერნეტი იქნება.
ცნობისთვის, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს დავალებით, პროექტს სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ განახორცილებს, მიკროჰესის დადგმული სიმძლავრე 200 კვტ იქნება. აღსანიშნავია, რომ მცირე ზომის ჰიდროელექტროსადგურების განვითარება ელექტროენერგიის მიწოდების კარგი საშუალებაა იმ რეგიონებისთვის, სადაც ენერგიის მიწოდება ადგილობრივი მოსახლეობისათვის შეუძლებელია ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო.