5–7 თებერვალს, ქალაქ მუმბაიში, ინდოეთის წამყვან და აზიაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ტურისტულ გამოფენაში Outbound Travel Market (OTM), რამდენიმე ქართულ კომპანიასთან ერთად, „შატო მუხრანიც“ მიიღებს მონაწილეობას.
OTM Tourism Fair 2026-თან დაკავშირებული მოლოდინების შესახებ „ბიზნესნიუსს“ თამარ ბუაძე, „შატო მუხრანის“ ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ესაუბრა:
– აღნიშნული გამოფენა ტარდება ყოველწლიურად და ის, ტურზმის სექტორის მთავარ მოთამაშეებთან ერთად, აერთიანებს ღონისძიებების დამგეგმავებსა და ბოლივუდის წარმომადგენლებს. შესაბამისად, „შატო მუხრანი“ წარვდგებით სხვადასხვა შეთავაზებით, ვგულისხმობ როგორც ტურისტულ სერვისებს (ღვინის ტურებს, დეგუსტაციებს და ა.შ.), ასევე ქორწილების მასპინძლობის შესაძლებლობას – ინდოეთის ბაზრის მხრიდან დიდია ინტერესი სწორედ ამ მიმართულებისადმი. ზოგადად, წინა წლების სტატისტიკასაც რომ გადავხედოთ, წლიდან წლამდე მხოლოდ მზარდია ტურისტული ნაკადები ინდოეთიდან. წელსაც გვაქვს მოლოდინი, რომ ინდოეთიდან ვიზიტორებს ვუმასპინძლებთ სხვადასხვა მიმართულებაზე და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დახმარებით, რომელიც აქტიურად მუშაობს აღნიშნულ ბაზარზე, ვფიქრობთ, მრავალფეროვანი საქორწილო ღონისძიებები გვექნება მთელი ქვეყნის მასშტაბით და ჩვენ, რა თქმა უნდა, დაინტერესებულნი ვართ ამ მიმართულებით.

