“შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში ყოველმა მეორე ამომრჩეველმა მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“, რისთვისაც მადლობას ვუხდით ჩვენს ამომრჩეველს”, – ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა:
გუშინდელ დღეს რაც შეეხება, ძირითადად ჩაიარა მშვიდ, სამართლიან გარემოში, იყო მხოლოდ რამდენიმე ინციდენტი 4-5 საარჩევნო უბანზე. ჩვენი ინფორმაციით, გაბათილებულია მხოლოდ 2 უბნის შედეგები, ასევე გარკვეულ უბნებთან ადგილი ჰქონდა ინციდენტებს და ფიზიკურ დაპირისპირებას. გვინდა განსაკუთრებით გამოვეხმაუროთ მარნეულში მომხდარ სრულიად მიუღებელ ფაქტს, სადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულმა ადამიანების ჯგუფმა შეტევა მიიტანეს საარჩევნო უბანზე, საფრთხე შეუქმნეს იქ მყოფ ადამიანებს, დაზიანება მიაყენეს პოლიციის წარმომადგენლებს და მათი ქცევა შეიცავდა ძალიან სერიოზულ კრიმინალურ ნიშნებს. ამას ხელმძღვანელობდა ერთიანი „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი. ეს ინციდენტი ყოვლად მიუღებელი იყო.