ისტორიკოსი, ბუბა კუდავა “დედაენის ბარს” საჯაროდ უხდის მადლობას.
თბილისში მდებარე „დედაენის ბარმა“ ბარის გვერდზე 2 აგვისტოს გაავრცელა განცხადება, რომ მათ რუსი ტროლები ინტერნეტში უტევდნენ. გავრცელდა დაწესებულების განცხადებაც, სადაც ეწერა, რომ რუსები 1-იანით აფასებდნენ ბარის მომსახურებას.
რუსი ტურისტების შეტევა ბარის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას მოჰყვა. ნებისმიერ რუს სტუმარს, ბარში იმ შემთხვევაში უშვებენ, თუ ე.წ. ვიზას მიიღებენ.
ბუბა კუდავას სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:
„შემოვიდნენ თავიდან „მოკრძალებით“, უკრაინისდროშიანი პინებით და სამაჯურებით, ხანაც ინგლისური გამოსაუბრებებით.
მერე ნელ-ნელა მოიხსნეს, მშობლიური ენაც ამოიდგეს, წელშიც გასწორდნენ, სერვისიც დაიწუნეს, ხმასაც აუწიეს, უკრაინული მუსიკაც იხამუშეს.
მერე ერთი (ათასში ერთი!), ისიც კერძო დაწესებულების (რომელსაც შეგიძლია უბრალოდ გვერდი აუარო) ერთი რეგულაცია იუკადრისეს, ხომალდისთვის გეზის მიმცემი სლოგანით აღშფოთდნენ…
და დაირაზმნენ, და დაუშინეს, და იმუქრეს, და ამოალაგეს დროებით ჩამალულ-ჩაკუჭულები. გადაგწვავთო, ჩვენი მიწააო, 2008 გაიხსენეთო.
თან ეს ხალხი აქ ცხოვრობს, აქ, დასეირნობს „უწყინრად“, რუსთაველზე, ვერა-ვაკე-მთაწმინდაზე და გულში რეებს აღარ იხვევს, ნახეთ ერთი.
მადლობა ჩრდილოელებო! ისევ თქვენ თუ შეგვაფხიზლებთ, თქვენ თუ ამოგვიქექავთ კარგად დავიწყებულებს, ისევ თქვენ, ისევ თქვენ. 2 საუკუნეზე მეტია ასეა: ჩაგვთვლემს თუ არა, გაბიჟვინებულ სიფათზე დაბიჯებული თქვენი ჩექმის სიმძიმე გვაღვიძებს.
არ იცვლებიან ხალხო, არა, არა და არც შეიცვლებიან, ვიდრე ერთხელ, ორჯერ და კიდევ ბევრჯერ მწარედ არ დამარცხდებიან! ვიდრე სამშობლოსა და სიმართლისთვის მებრძოლები კუდით ქვას არ ასროლინებენ.
ასეთია არა მარტო ჩვენი და მაგათი, არამედ მთელი კაცობრიობის გამოცდილება.
დედაენის ბარი, მადლობა, მადლობა!
გეწვევით პირველივე შესაძლებლობისთანავე“, – წერს ბუბა კუდავა.