ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე, ტელეკომპანია ფორმულას დირექტორის და “ინტერმედიას” დამფუძნებლის, ზუკა გუმბარიძის დაკითხვა იგეგმება.
ნიკა გვარამიას განცხადებით, შეუძლებელია უკანონობის პროგნოზირება, თუმცა შეუძლია დაეყრდნოს მოვლენების ლოგიკას, რომ „ყველა პოლიტიკური პროცესი ადამიანების პატიმრობით სრულდებოდა“.
„მთავარი მოწმეები ბრალდების წინ არის და ჩვენი მოწმეები ჯერ არ დაკითხულან. ჩემი პროცესიც არ შეწყვეტილა, ყოველ ოთხშაბათს პროცესები იმართება. ზუკა გუმბარიძესთან დაკავშირებით მცდელობები მანამდეც იყო, არ შეიძლება ადამიანს შეუთხზა ბრალი. ეს დაუსრულებელი სერიაა. შეუძლებელია უკანონობის პროგნოზირება, შემიძლია დავეყრდნო მოვლენების ლოგიკას, რომ ყველა პოლიტიკური პროცესი ადამიანების პატიმრობით სრულდებოდა. მოლოდინი ეს შეიძლება მქონდეს”, – აღნიშნა ნიკა გვარამიამ.
შეგახსენებთ, რომ “მთავარი არხის” გენერალურ დირექტორს პროკურატურა ედავება ჯერ კიდევ “რუსთავი 2”-ის დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურეობრივი მდგომარეობით გამოყენებას.
