LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შიდა ქართლისა და კახეთის რეგიონში სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა განხორციელდება

111
მიწა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სოფლის განვითარების სააგენტო შიდა ქართლისა და კახეთის რეგიონში სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ხელშეწყობის პროგრამას განახორციელებს.

პროგრამით ისარგებლებს ყველა ის პირი, რომლის მიწის ნაკვეთიც წყალუზრუნველყოფილია „საქართველოს ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის“ ფარგლებში რეაბილიტირებული სარწყავი სისტემით.

პროექტის მიზანი კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობაა, შესაბამისად, პროგრამის ფარგლებში, ერთწლოვანი კულტურებისთვის თანამედროვე სარწყავი სისტემების, აგრომეტეოროლოგიური სადგურების, მზის ენერგიაზე მომუშავე ელექტროსადგურების და სასათბურე მეურნეობების მოწყობის პროექტები დაფინანსდება.

ახალი პროგრამის ფარგლებში ერთი ბენეფიციარის ხარჯების 40%-მდე თანადაფინანსებას სახელმწიფო უზრუნველყოფს, ხოლო ჯამური დაფინანსება არაუმეტეს 30 000 ლარით განისაზღვრება. ახალგაზრდა ფერმერები და წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრები დამატებით პროცენტულ თანადაფინანსებას მიიღებენ.

პროგრამაში მონაწილეობის აუცილებელი პირობაა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ბენეფიციარის საკუთრებად იყოს რეგისტრირებული ან/და მიღებული ჰქონდეს სახელმწიფოსგან/მუნიციპალიტეტის ორგანოსგან იჯარით.

აღსანიშნავია, რომ პროგრამა სახელმწიფოს სახსრებითა და მსოფლიო ბანკის სესხით თანაბარწილად დაფინანსებული „საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის ირიგაციისა და მიწის  პროექტის“ შემადგენელი ნაწილია. ამ მასშტაბური პროექტის ფარგლებში, მსგავსი პროგრამების საშუალებით, შემდგომ წლებშიც იქნება მხარდაჭერილი მოდერნიზებული სარწყავი სისტემების არეალებში სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოება კლიმატგონივრული მეთოდების გამოყენებით.  

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები