LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შიდსის დიაგნოსტიკა, მკურნალობა და პრევენცია, C ჰეპატიტის სკრინინგი და მკურნალობა – თენგიზ ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი მარინა ეზუგბაია გადაცემაში „პულსი“

107
მარინა-ეზუგბაია

რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“ თენგიზ ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი მარინა ეზუგბაია სტუმრობდა, რომელმაც ამავე ცენტრის საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

– ქალბატონო მარინა, კონკრეტულად რა დატვირთვა აქვს ცენტრს, რომელიც სტრატეგიულ ობიექტადაც შეიძლება ჩაითვალოს?

– პირველ რიგში, ბატონები თენგიზ ცერცვაძე და შოთა გოგიჩაიშვილი მინდა გავიხსენო, ვისი სიყვარულითა და პატივისცემით ვაგრძელებთ მუშაობას ქვეყნის სასიკეთოდ, რადგან სწორედ ქვეყანას და მის მოქალაქეებს ემსახურებოდნენ მთელი ცხოვრება. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს მთავრობას და ჯანდაცვის სამინისტროს, რომელთაც გააცნობიერეს, რამდენად აუცილებელია ქვეყნისთვის ინფექციური პათოლოგიის დამოუკიდებელი ცენტრი და არაჩვეულებრივი 11-სართულიანი შენობა გადმოგვცეს. ჩვენი კლინიკა გასული წლის ოქტომბრის თვეში გაიხსნა და ბატონი თენგიზის სახელიც მიენიჭა. გადამდები ინფექციური დაავადებები საკმაოდ რთული სამართავია, რადგან დაავადების შესამცირებლად იზოლაციაში მართვას მოითხოვს. ჩვენი ცენტრი მართლაც სტრატეგიული ობიექტია, რადგან სწორედ ჩვენთან ხდება ახლად წარმოშობილი ინფექციების ამოცნობა, შეფასება და მართვა, რათა ქვეყანამ არც მატერიალურად იზარალოს, არც ადამიანური რესურსებით. საუკეთესო მაგალითი იყო კოვიდის ინფექცია, რომელიც არაჩვეულებრივად მართა ბატონმა თენგიზმა და მისივე ინიციატივით შექმნილმა კლინიკურმა ჯგუფმა. პირველმა სწორედ ჩვენმა ცენტრმა მიიღო კოვიდით დასნეულებული პაციენტები, მთელი სიმძიმე საკუთარ თავზე აიღო და პირველ სამ თვეში შეძლო უმძიმესი ინფექციის ამოცნობა და მართვა სისტემატიზირებული მეთოდოლოგიური რეკომენდაციებითა და გაიდლაინებით. ღმერთმა გვაშოროს მსგავსი ინფექციის გამეორება, მაგრამ გამორიცხული არაფერია, ამიტომ ჩვენი კლინიკა ნებისმიერი გამოწვევისთვის მზადაა. საკმაოდ რთული იყო 2009-2010 წლებში გავრცელებული გრიპის ვირუსის მართვაც, როცა ისევ ჩვენმა კლინიკამ აიღო საკუთარ თავზე პირველი დარტყმა, მოგვიანებით კი, სხვა კლინიკებიც ამოგვიდგნენ მხარში. 2013-2014 წლებში წითელას ეპიდემიასთან მოგვიწია ბრძოლა, რასაც მოგვიანებით ენტეროვირუსების ეპიდემიაც დაემატა, თუმცა ჩვენმა ცენტრმა იმდენად მშვიდად შეძლო ამ ეპიდემიების მართვა, რომ ქვეყანას არც უგრძნია მათი სიმძიმე.

– რამდენად სრულყოფილი და დახვეწილია სერვისები შიდსიანი პაციენტებისთვის?

– ბატონი თენგიზის მებრძოლი ხასიათის წყალობით, მეზობელი ქვეყნებისგან განსხვავებით, ჩვენ საკმაოდ ეფექტურად შევძელით შიდსის მართვა. თავიდანვე შესანიშნავ შედეგებს მივაღწიეთ, რომლებიც მოგვიანებით არა უბრალოდ შევინარჩუნეთ, არამედ მნიშვნელოვნად გავაუმჯობესეთ. ჩვენს კლინიკაში სრულიად უფასოა შიდსის დიაგნოსტიკა, მკურნალობა და პრევენცია. დროულად ხდება დაავადების გამოვლენა, რაც მის სწორად მართვაში გვეხმარება. პაციენტები მაქსიმალურად არიან უზრუნველყოფილი მედიკამენტებით, მაღალი რისკის ჯგუფის პაციენტების მკურნალობა კი, სპეციალური პროგრამებით ხორციელდება. დღეს შიდსის ვირუსს ზუგდიდის, ბათუმის, ქუთაისის და სოხუმის რეგიონულ ცენტრებთან ერთად ვმართავთ. მართალია პაციენტების 65% ჩვენთან მკურნალობს, მაგრამ აქტიურად ვმუშაობთ დეცენტრალიზაციაზე, რაც პაციენტებისთვის მეტი კომფორტის შექმნას გულისხმობს. მალე მათ აღარ მოუწევთ თბილისში ჩამოსვლა, რადგან საჭირო მომსახურების მიღება რეგიონებში გახდება შესაძლებელი.

– როგორ იმართება C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რომელიც ისევ ბატონი თენგიზის მონდომებით შეიქმნა?

– C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა მართლაც უნიკალურია, რადგან მის შექმნამდე დაავადების გავრცელება 5,4%-ს აღწევდა, დღეს კი, 1,8%-მდეა შემცირებული. ამ ეტაპზე 87 ათასზე მეტი განკურნებული პაციენტი გვყავს. რა თქმა უნდა, პროგრამა გრძელდება, ჩვენს სტაციონარში სახელმწიფოს მხრიდან ფინანსდება C ჰეპატიტის ანტივირუსების განსაზღვრა, საავადმყოფოებს კი ვალდებულება აქვთ ჩაუტანონ პაციენტებს B და C ჰეპატიტის  სკრინინგი. იმ შემთხვევაში თუ ჰოსპიტალიზებულ პაციენტს დაუდასტურდება რომელიმე ტიპის ჰეპატიტი, ის ჩვენთან გადმოინაცვლებს და არა მხოლოდ კვლევებს ჩაიტარებს, არამედ მედიკამენტებსაც უფასოდ მიიღებს. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g