LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შორია ევროპამდე? საქართველომ იტალიასთან წააგო, მაგრამ მისასვლელი გზა დაიტოვა

62

საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში უმნიშვნელოვანესი მატჩი ჩაატარა. ბორჯღალოსნები ფლორენციაში ჩავიდნენ და ექვსი ერის მაჩანჩალა იტალიას ეთამაშნენ. ეს გადაუჭარბებლად ისტორიული შეხვედრა იყო – მთელი ევროპა უყურებდა ამ დაპირისპირებას, რომელსაც პასუხი უნდა გაეცა რამდენად მზად არიან მეორე ეშელონის გუნდები ექვს ერის წარმომადგენლებთან.

 


იტალიამ ულაპარაკოდ მოგვიგო – 28:17. შედეგი ვაღიაროთ სამართლიანია. თუმცა ვთქვათ ისიც, რომ საქართველოს ევროპისკენ მიმავალი გზა არ ჩაუხერგავს – სხვაობა ძალიან დიდი და უსაშველო არ არის.
საქართველოს ახლა საუკეთესო დროება არ უდგას. თაობათა ცვლა მიდის, რასაც თავისი დრო სჭირდება და შეუძლებელია ეს არ აისახოს შედეგზე. პლუს კონკრეტულად ამ თამაშისთვის ისიც დაემატა, რომ რამდენიმე მორაგბე გვაკლდა და მილტონ ჰეიგმა შემადგენლობაში ცვლილებები გააკეთა.

 

მე-16 წუთი დიდებული გამოვიდა. ლელო დავდეთ და დავწინაურდით.
თამო მჭედლიძის ლელო იტალიასთან

 

მე-10 წუთზე იტალიამ ჯარიმით გახსნა ანგარიში – 3:0.
მე-16 წუთზე ლელო დავდეთ, გარდავსახეთ და წინ გავედით – 3:7
უკვე მე-20 წუთზე იტალიამაც დადო ლელო და დაწინაურდა – 10:7.
26-ე წუთზე ჯარიმა გავაფუჭეთ.
31-ე წუთზე მეტოქემ ლელო დაგვიდო, მაგრამ ვიდეორეფერიმ არ ჩათვალა.
ტაიმის ბოლო წუთზე ლელო მაინც მივიღეთ – 18:7
მეორე ტაიმის დასაწყისში ლელო გავუშვით – 23:7.
47-ე წუთზე ძალიან ახლოს ვიყავით ლელოსთან, მაგრამ არ გამოვიდა.
53-ე წუთზე სოსო მათიაშვილმა ჯარიმა გაიტანა და 23:10 გახდა.
57-ე წუთზე იტალიამ კიდევ ერთი ლელო დადო – 28:10.
63-ე წუთზე მორიგი ქულები ავიღეთ – ტექნიკური ლელო ჩაგვეთვალა – 28:17.

რა დაგვანახა არ მატჩმა
ცივი გონებით სპეციალისტები დეტალურად გაარჩევენ და ყველა წვრილმანის აწონ-დაწონვით გაანალიზებენ რამდენად შორს ვართ ექვსი ერისგან. ცხელ გულზე კი იმის თქმა შეიძლება, რომ წაგების მიუხედავად, და ალალად ვთქვათ იტალიელთა უპირატესობისა და კლასისა, იმის თქმა, რომ ამათთან თამაში არ შეიძლება, ზედმეტი გამოვა. როდესაც საქართველოს სრული შემადგენლობა ეყოლება, სტაბილურად ითამაშებს ძლიერ გუნდებთან, მერე უკვე იტალია და მისნაირები უეჭველ მოგებას ვეღარ დაგეგმავენ.
განსაკუთრებით მეორე ტაიმში რიგ ეპიზოდებში მეტოქეზე უკეთაც გამოვიყურებოდით და უკეთეს შედეგთან ახლოს ვიყავით. ეს კი ცოტას არ ნიშნავს.

გულშემატკივრები
საოცარი მხარდაჭერა ქონდათ ჩვენ ბიჭებს – როგორც იტალიაში, ასევე სამშობლოში, ფლორენცია ქართულ დროშებში გაეხვა, ტრიბუნებზეც იმდენი ვიყავით, მასპინძელ გუნდს ვერ გაარჩევდი. ამასობაში კი თბილისის ცენტრში ათასობით ადამიანი დიდ ეკრანზე უყურებდა თამაშს და ისე ქომაგობდა საყვარელ ნაკრებს. ეს ერთინობა აუცილებლად მოიტანს სანუკვარ შედეგს.

 

რა იქნება ხვალ
სანამ ექვსი ერის კარი გაიღება, მანამდე მიზანმიმართულად უნდა ვაბრახუნოთ.
ახლა სამოასთან (17 ნოემბერი) და ტონგასთან (24 ნოემბერი) უნდა დავამტკიცოთ რომ ექვსი ერის რეორგანიზაციაზე საუბრები არ უნდა დამთავრდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები