კოვიდპანდემიის დროს დაწესებული შეზღუდვების შედეგად, სარესტორნე ბიზნესი ერთ-ერთი ყველაზე დაზარებული სფერო აღმოჩნდა. ათასობით ადამიანი სამსახურისა და შემოსავალის გარეშეა დარჩენილი.
თავად რესტორატორთა ასოციაცია კი, რეგულაციების დაცვით საქმიანობის განახლებას ითხოვს.
ასოციაციის ხელმძღვანელის, შოთა ბურჯანაძის განცხადებით, თუ სფერო დროულად არ გაიხსნება, რეგულაციების მოხსნის შემდეგ, კვების ობიექტების მხოლოდ 1% აღადგენს მუშაობას. ამის შესახებ მან „ბიზნესკურიერთან“ ისაუბრა.
„ხელისუფლება და ეპიდემიოლოგები ვერ გრძნობენ იმ პასუხისმგებლობას, რომ ეკონომიკა იღუპება და ათი ათასობით ადამიანი რჩება უმუშევარი, მათი ხედვა არის ის, რომ ბიზნესი მაინც გადარჩება და როცა ვირუსი აღარ იარსებებს მაშინ გახსნიან რესტორნებს.
ეპიდემიოლოგები ფიქრობენ, რომ ქვეყანა დაიღუპება იმ შემთხვევაში თუ რესტორნები გაიხსნება, ხელისუფლება კი თვლის, რომ ქვეყნის დაღუპვას ჯობს დაიღუპოს თავად სფერო“.-აცხადებს ბურჯანაძე.
როგორც ბურჯანაძემ ჩვენთან საუბარში განმარტა, გახსნის პერიოდი დაანონსებული არ არის, დაანონსებულია მხოლოდ ის, რომ თუ 4%-ზე ნაკლები იქნება ეპიდვითარების განმსაზღვრელი მაჩვენებელი ამ შემთხვევაში მოხდება გახსნა.
რაც შეეხება მონაცემებს, ბურჯანაძის ინფორმაციითვე, დღესდღეობით საქართველოს მასშტაბით, 400-მდე რესტორანი ფუნქციონირებს, ისიც მიტანის სერვისის მეშვეობით, სფეროში კი მთლიანობაში დასაქმებული იყო 200 ათასამდე ადამიანი, ამ ვითარებაში კი მუშაობას აგრძელებს 5000-დან 8000-მდე პირი.
შეგახსენებთ, რომ სარესტორნე ბიზნესის წარმომადგენლები მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრებს უკვე შეხვდნენ. შეხვედრაზე ტურიზმის სფეროს და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები კონკრეტული მოთხოვნით მივიდნენ. მათ სურდათ, რომ პირველი თებერვლიდან მუშაობა დაეწყოთ, თუმცა ამაზე უარი მიიღეს.
დღეს კი, პრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ თუ კორონავირუსის ახალი შემთხვევების შედარებით დაბალი მაჩვენებელი ერთი კვირის განმავლობაში შენარჩუნდება, შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის პროცესი დაჩქარდება. თუმცა, რამდენად შეეხება ეს სარესტორნო ბიზნესს, პრემიერს არ დაუკონკრეტებია.
შესაძლოა, რეგულაციები დაგეგმილზე ადრე შევამსუბუქოთ: გახარია