26 აგვისტოს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა.
შედეგების მიხედვით, წელს სტუდენტის სტატუსი 31 704-მა აბიტურიენტმა მოიპოვა, დაფინანსდა 11 600-ზე მეტი გამოსაცდელი.
სახელმწიფო გრანტი მოიპოვა 6 500-ზე მეტმა აბიტურიენტმა, საიდანაც 100%-იანი სახელმწიფო გრანტი მიიღო 1000-ზე მეტმა აპლიკანტმა, 70%-იანი – 1 400-ზე მეტმა გამოსაცდელმა, 50%-იანი გრანტი კი – 4 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა.
რადიო „ფორტუნამ“ მკითხველს უკვე გააცნო იმ სტუდენტების ნაწილი, რომლებიც სხვადასხვა სახელმწიფო უნივერსიტეტში 100%-იანი გრანტით გააგრძელებენ სწავლას.
გაიცანით აბიტურიენტები, რომლებმაც 100%-იანი გრანტი მოიპოვეს – „სწავლაში მთელი წლის განმავლობაში თავდაუზოგავი შრომა ჩავდე“
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სახელმწიფო გრანტი მოიპოვა 6 500-ზე მეტმა აბიტურიენტმა, საიდანაც 100%-იანი სახელმწიფო გრანტი მიიღო 1000-ზე მეტმა აპლიკანტმა.
თუმცა, ბუნებრივია ვრცელია იმ აბიტურიენტთა სია, რომლებმაც გამოცდებზე უმაღლესი შეფასებები დაიმსახურეს. წარჩინებულ აბიტურიენტთა შორის არიან აზერბაიჯანელი დები, რომლებმაც ქართულ ენასა და ლიტერატურაში უმაღლესი შეფასება მიიღეს. დები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამართლის პროგრამაზე ჩაირიცხნენ.
მათზე სიუჟეტი გადაცემამ „დილა მშვიდობისა საქართველო“ მოამზადა.
ლემან ასკეროვა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი:
„ძალიან ამაღელვებელი მომენტი იყო, ქულების გამოცხადების დროს დედასთან და ჩემს დასთან ერთად ვიყავი. ძალიან გამიხარდა, რადგან ეს შედეგი რთული პერიოდის, უძილო ღამეების და მუდმივი შრომის ნაყოფია. ვფიქრობ, ამაში მშობლების როლიც მნიშვნელოვანია. პირადად, დიდ მადლობას ვუხდი დედას, რომელიც მუდამ ჩემი მხარდამჭერი იყო, სჯეროდა ჩემი შესაძლებლობებისთვის.
ასევე, ჩემს დას, ჩვენ სულ ერთად ვმეცადინეობდით, შეხედულებებს ვუზიარებდით ერთმანეთს და ნაკლებად ვგრძნობდით სტრესს და ნერვიულობას.
ჩემი ყველაზე საყვარელი მწერალი ილია ჭავჭავაძეა, რომლის ნაწარმოები ჩემში თავისუფლებას აღვივებს. მასწავლებლების მხარდაჭერისა და სხვადასხვა რაღაცებიდან გამომდინარე ქართულის სიყვარული გამომჟღავნდა ჩვენში. ჩემი რჩევა იქნება მომავალი აბიტურიენტებისთვის, დრო სწორად გადაანაწილონ, არ დაკარგონ შრომის სურვილი და მონდომება“
აიდან ასკეროვა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი:
„ჩვენ პირველი კლასიდან ქართულ სკოლაში ვსწავლობთ, კლასელებიც ქართველები გვყავდა, მუდმივად მათთან ვიყავით კომუნიკაციაში. ძალიან გვიყვარს ქართული ენა და ლიტერატურა.
ჩემი აზრით, ძალიან საინტერესო ოთხი წელი გველოდება წინ. მინდა მაქსიმალურად გამოვიყენო ჩვენი შესაძლებლობები სწავლის მიმართულებით. ჩემი რჩევა იქნება მომავალი აბიტურიენტებისთვის, დაიჯერონ საკუთარი თავის და იშრომონ მიზნის მისაღწევად, რადგან შრომა და მონდომება ყოველთვის ფასდება“