LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შშმ პირების ბრძოლა და მოლოდინი ცვლილებებისთვის – რას აკეთებს ხელისუფლება

პარლამენტმა შესაძლოა, შშმ პირთა შესახებ კანონი მიიღოს. ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის, კონკრეტულად რა საკითხებს დაარეგულირებს კანონი, თუმცა, როგორც ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე ამბობს, მათი უფლებები ბევრი მიმართულებით გაუმჯობესდება.

მანამდე კი, შშმ პირებს და მათი ოჯახის წევრებს საკუთარი უფლებების დასაცავად და მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ბრძოლა ბევრი მიმართულებით უწევთ. მშობლები შვილების დასაცავად ქმნიან არასამთავრობო ორგანიზაციებს, წერენ წერილებს სხვადასხვა უწყებებში, მართავენ აქციებს, იბრძვიან ცვლილებებისთვის, თუმცა, შედეგი ხან დგება, ხან ვერ.

შშმ ბავშვების მშობლების აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან 28.02.17

მარი კორკოტაძე აუტიზმის მქონე ბავშვის დედაა. მისი და სხვა ბავშვების უფლებების დასაცავად არასამთავრობო ორგანიზაცია “ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ” შექმნა და ცდილობს მათი მდგომარეობის გასაუბჯობესებლად, იმისთვის, რომ მომავალში მათ დამოუკიდებლად ცხოვრება შეძლონ, კონკრეტული ნაბიჯები გადადგას. მშობლებთან ერთად დიდხანს იბრძოდა იმისთვის, რომ ABA თერაპია, რომელიც აუტიზმის მქონე ბავშვებს სჭირდებათ, მათთვის უფრო ხელმისაწვდომი გამხდარიყო. გარკვეულ შედეგებს მიაღწია, თუმცა ამბობს, რომ მონაპოვარის შენარჩუნება რთულია და ამისთვის მუდმივი ბრძოლაა საჭირო.

“აუტიზმის პროგრამაში ჩასასმელად თბილისში რეგისტრაციის ვადა 1 წლამდე რომ შემცირებულიყო, ამის მისაღწევად აქციები დაგვჭირდა. ეს მონაპოვარი ისე ჩუმად შეცვალეს, არავინ გვითხრა. რომ გაგვეგო, გავაპროტესტებდით, ამ კუთხით პროგრამის გაუარესებას არ დავუშვებდით. ახლა ამას ადვილად არავინ შეცვლის, ახლა აღარ მაქვს ადამიანური რესურსი, რომ ისევ აქციები დავიწყო, მაშინ დიდი სტრესი მივიღე, არ იყო ამის მიღწევა მარიტივი,” – ამბობს მარი კორკოტაძე.

მისივე თქმით, პროგრამასთან დაკავშირებით სხვა პრობლემებიც არსებობს, კერძოდ, ბავშვები მომლოდინეთა სიაში არიან და თანხის არ ქონის გამო მომსახურებას ვერ იღებენ.

“კალაძემ მერად არჩევამდე პირობა მოგვცა მშობლებს, რომ აუტიზმის პროგრამას განავითარებდა. რომ აირჩიეს, დაახლოებით 100 ბავშვი იყო მომლოდინეთა სიაში, რომ შევახსენეთ წინასაარჩევნო დაპირება, უარი მოგვივიდა, ბიუჯეტს ვერ გავზრდითო. ამაზეც გავმართეთ აქციები, ღია წერილებით მივმართეთ კალაძეს და რამდენიმე საათში გააკეთა განცხადება, რომ ბიუჯეტს გაზრდიდნენ 500 000 ლარით, 120 ბავშვი დაფინანსდა. ფაქტიურად ყოველ წელს ასეთ რეჟიმში გვიწევს ცხოვრება,”– ყვება მარი კორკოტაძე და დასძენს, რომ მომლოდინეთა სიაში ბავშვები ახლაც არიან, თუმცა, ჯერ-ჯერობით ცნობილი არაა, გაიწერება თუ არა მათი დაფინანსების საკითხი 2019 წლის ბიუჯეტით.

აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლები კალაძისგან საარჩევნო დაპირების შესრულებას ითხოვენ 04.12.2017

 

აღნიშნულთან დაკავშირებით, “ფორტუნა” მერიას დაუკავშირდა. მერიის ჯანდაცვის სამსახურში გვითხრეს, რომ დღეისათვის თერაპიის კურსს 840 ბავშვი გადის, რაც შეეხება მომავალი წლის ბიუჯეტს და პროგრამასთან დაკავშირებულ ცვლილებებს, ამ ეტაპზე ბიუჯეტი ფორმირების პროცესშია, ამდენად არ ვიცით, რა იქნება,”- განმარტავენ მერიაში.

მარი კორკოტაძე კიდევ ერთ პრობლემაზე საუბრობს, მერია აუტიზმის პროგრამას 16 წლამდე ბავშვებს უფინანსებს. მისი თქმით კი, ეს თერაპიები მოზარდებისთვის 16 წლის მერეც საჭიროა. მარი კორკოტაძემ აღნიშნულთან დაკავშირებით უკვე პარლამენტს მიმართა, სადაც აუტიზმის მქონე ბავშვების დაფინანსებას 16 წლის ზემოთ უკვე ჯანდაცვის სამინისტროსგან მოითხოვს.

“რატი იონათმიშვილმა გამომიგზავნა სახელმწიფო ბიუჯეტი და გვთხოვა რეკომენდაციები, თუ რა უნდა იქნეს გათვალისწინებული შშმ პირებისთვის,” – ამბობს მარი კორკოტაძე. რეკომენდაციები უკვე გაგზავნილია. ესენია: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური პაკეტის გაზრდა (2019 წლის 1 იანვრიდან იგეგმება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სოციალური პაკეტის გაზრდა 20 ლარით, თუმცა ეს არ შეეხება მნიშვნელოვნად და ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და მათთვის დარჩება ისევ 100 ლარი. მარი კორკოტაძე აღნიშნულს დისკრიმინაციად აფასებს), შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის სტომატოლოგიური მომსახურების დაფინანსება, თემზე დაფუძნებული საოჯახო ტიპის საცხოვრებლებისთვის დაფინანსების გაზრდა, ინკლუზიური განათლების ხელშეწყობა, ბავშვთა ადრეული განვითარების და რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამების ბიუჯეტის გაზრდა. 

მარი კორკოტაძემ რეკომენდაციების წერილი პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს აკაკი ზოიძეს, განათლების კომიტეტის თავმჯდომარეს მარიამ ჯაშს, ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს სოფიო კილაძეს და მის მოადგილეს რატი იონათამიშვილს მისწერა. რეკომენდაციებს შორის აუტიზმის პროგრამის დაფინანსებასთან ერთად, შშმ პირებისთვის სხვა მნიშვნელოვანი საკითხებიც არის. თუმცა, როგორც “ფორტუნასთან” ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე ამბობს, რეკომენდაციებს არ იცნობს. მას შემდეგ, რაც მისი შინაარსი მოვუყევით, კილაძემ აღნიშნა, რომ ეს პრობლემები პარლამენტისთვის ცნობილია და პრიორიტეტულიც. სოფიო კილაძე ამბობს, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტოსთან მუშაობენ.

“სამწუხაროდ, არ მაქვს რეკომენდაციები ხელთ და ვერ გავეცანი. თუმცა, რა საკითხებიც თქვენ ჩამოთვალეთ აბსოლუტურად პრიორიტეტულია ჩვენთვის. ჩვენ გვქონდა ფინანსთა სამინისტროსთან საუბარი, ჩემი მოადგილე რატი იონათამიშვილი ასევე ლობირებს შშმ პირთა თემებს. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება მეტი დაფინანსება ჰქონდეს შშმ პირთა საკითხებს. ეს თემატიკა ჩვენთვის ნაცნობია და ვიზიარებთ იმ პათოსს, რაც როგორც მითხარით რეკომენდაციებშია ჩადებული,”– აღნიშნავს სოფიო კილაძე.

“ფორტუნა” დაინტერესედა, თუ არის რომელიმე მიმართულებასთან დაკავშირებით აზრი შეჯერებული. დეპუტატი აღნიშნავს, რომ ფინანსთა სამინისტროს მზაობა აქვს, რომ შშმ პირებისთვის გარკვეული მიმართულებებით ბიუჯეტი გაიზარდოს, თუმცა ვერ აკონკრეტებს, რისი დაფინანსება მოხერხდება მომავალი წლის ბიუჯეტით.

“ფინანსთა სამინისტროსთან კონკრეტულ საკითხებს გავდივართ, ამიტომ ჯერ ვერ ვიტყვი რა დაფინანსდება და რა არა. თუმცა, მზაობა არის მათი მხრიდან, რომ გარკვეული მიმართულებებით ამ კუთხით გავზარდოთ ბიუჯეტი,” – ამბობს სოფიო კილაძე.

მისივე თქმით, იგეგმება ასევე შშმ პირთა შესახებ კანონის მიღებაც, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა.

“ახლა ვართ ფინანსური დათვლის ნაწილზე, თუ რა დაუჯდება სახელმწიფოს შშმ პირთა კანონის ამოქმედება,” აღნიშნავს დეპუტატი.

კითხვაზე, თუ რა მიმართულებით გაუმჯობესდება შშმ პირთა მდგომარეობა და რას დაარეგულირებს კანონი, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე კონკრეტულ პასუხს არ იძლევა, თუმცა აღნიშნავს, რომ მდგომარეობა ბევრი მიმართულებით გაუმჯობესდება.

“კანონი დაარეგულირებს აბსოლუტურად ყველა მიმართულებას, თუ როგორ შეიძლება ჯანდაცვის მოდელიდან სოციალურ მოდელზე გადასვლა, გარემოს ადაპტირება და ა.შ. ბევრი მიმართულებით აუმჯობესებს კანონი შშმ პირთა უფლებებს. სამწუხაროდ, ტელეფონი მიჯდება, როგორც გითხარით (დეპუტატამა წინასწარ გვითხრა, რომ საკითხთან დაკავშირებით მოკლედ გვიპასუხებდა, რადგან ტელეფონი ეთიშებოდა), ამიტომ უნდა დაგემშვიდობოთ,” – გვითხრა სოფიო კილაძემ.

“ფორტუნამ” ყველა იმ პირთან დაკავშირება სცადა, ვისაც ორგანიზაციამ “ოჯახები დისკრმინაციის წინააღმდეგ” რეკომენდაციები გაუგზავნა. რატი იონათამიშვილი საქართველოში არ იმყოფება, ხოლო კომიტეტის თავმჯდომარეებიდან სატელეფონო ზარებზე მხოლოდ სოფიო კილაძემ გვიპასუხა.

 

თაკო ივანიაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g