შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და მათი უფლებები, რა დარღვევები გვხვდება საქართველოში , რა ხდება ამ მიმართულებით ქვეყანაში, როგორია სამართლებრივი ბაზა, როგორ იღებენ შშმ პირები სტატუსს, რა პრობლემების წინაშე არიან მშობლები, მეურვეები – ამ თემებზე გადაცემა “კანონის ფარგლებში” ” სი ელ ესის” მმართველი პარტნიორი აბელ გეგია საუბრობს.
– თქვენ გვითხარით გადაცემამდე, რომ წლიდან წლამდე ამ მხრივ არაფერი იცვლება. სანამ ამაზე გადავალთ, ჯერ გვითხარით, შშმ პირის სტატუსის მიღება როგორ ხდება
– თუ პირს გარკვეული გონებრივი, ინტელექტუალური დარღვევები აქვს, ან ვერ განსაზღვრავს საცხოვრებელ ადგილს და ა. შ. რა თქმა უნდა, მეურვეს, მზრუნველს , ოჯახის წევრს შეუძლია, სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართოს და დაუნიშნონ შესაბამისი დახმარება. აღნიშნულ მოქალაქეებს გარკვეული დახმარება სჭირდებათ, მოვლა-პატრონობა, ხშირად პენსიის დანიშვნა, ამ პენსიის განკარგვის უფლება. მოქალაქემ განცხადება უნდა შეიტანოს სასამართლოში და მოითხოვოს, შშმ პირის მხარდამჭერად ცნობა. განცხადების დაწერისას, მოქალაქემ უნდა გაითვალისწინოს ყველა ის საკითხი, რაც მას დასჭირდება, რომ ეს მოვალეობა შეასრულოს. მაგ. საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, პენსიის მიღება, შეიძლება იყოს გარკვეული მედიკამენტების შეძენა. თუ შშმ პირს საცხოვრებელი სახლი აქვს და მის მეურვეს გაქირავება სურს, ესეც სასამართლოს უნდა სთხოვოს, ოღონდ ეს თანხები ამ შშმ პირს უნდა მოხმარდეს.
– ძირითადად, რა პრობლემებს აწყდებიან მოქალაქეები, ოჯახის წევრები
– მოქალაქეებს , რა თქმა უნდა, სამართლებრივი განათლება არ აქვთ, ამიტომ ბევრი რამ არ იციან. პირველ რიგში უფასო საკონსულტაციო სერვისით უნდა ისარგებლონ, სახელმწიფოს აქვს იურიდიული დახმარების მომსახურება, შესაბამისად, უზრუნველყოფენ ყველაფერს. პრობლემა ბევრნაირია. სასამართლოს გადატვირთულობა, ხანგრძლივი ეტაპები, მაგრამ მოქალაქეს შეუძლია, დროებითი მხარდამჭერის სტატუსი მოითხოვოს, ანუ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე, განჩინების სახით დროებით მხარდამჭერად ინიშნება. აუცილებლად უნდა წარადგინოს ადამიანმა ფორმა 100, საჭირო დოკუმენტაცია, რაც ჯანმრთელობის საკითხს უკავშირდება. სახელმწიფო შშმ პირებს უტარებს ექსპერტიზას, რომელიც არის უფასო და იქ განისაზღვრება შშმ პირს რა ტიპის მხარდაჭერა სჭირდება. მე მქონია პრაქტიკაში შემთხვევა, როცა პირი გარკვეულ მოვალეობებს თავადაც ასრულებს, ნების გამოხატვა შეუძლია. არის შემთხვევა, როცა რადიკალურად განსხვავებული ვითარებაა, ამიტომ რა ტიპის მხარდაჭერა უნდა დაუნიშნოს სასამართლომ, ეს ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე ხდება.
– რა რჩევებს მისცემთ ჩვენს მსმენელს
– ჯერ ვიტყვი, რომ შშმ პირებს ხშირად გადაადგილების პრობლემაც აქვთ ქუჩაში. აუცილებელია უფრო მეტად მოწყობილი ინფრასტრუქტურა. რაც შეეხება სამართლებრივ ნაწილებს, უფრო მეტი მოქნილობაა საჭირო. მე როცა მიმუშავია ასეთ საკითხებზე, როცა განცხადებას შევიტანდით, ყოველთვის ვცდილობდი, მოთხოვნა ისე დამეყენებინა, რომ შემდგომში მოქალაქეს მეორედ არ დასჭირვებოდა სასამართლოსთვის მიმართვა. ანუ მოთხოვნილი საკითხები თავის განცხადებაში მოქალაქემ მაქსიმალურად უნდა გააფართოოს.