კრიმინალური პოლიციის იმერეთის სამხარეო სამმართველოს უფროსი გიორგი კაჭარავა წინასწარი შეთანხმებით დიდი ოდენობით ქრთამის გამოძალვის ბრალდებითაა დაკავებული, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრერსსამსახურის უფროსმა თეა პერტაიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
პერტაიას თქმით, კაჭარავასთან ერთად დაკავებულია სამმართველოს დეტექტივ- გამომძიებელი ზურაბ ჭ. როგორც გამოძიებამ დაადგინა, გიორგი კაჭარავამ ნარკოტიკული საშუალების უაკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე მოწმის სახით დაბარებულ მოქალაქეს უსაფრთხოებისა და ხელშეუხებლობის გარანტად, ასევე იმავე ბრალდებით დაკავებული მისი ახლობლისათვის საპროცესო შეთანხმების გაფორმების უზრუნველსაყოფად გარკვეული თანხის გადახდა მოსთხოვა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.