LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 2 პირი დააკავა: უწყების ცნობით, კრიმინალური ავტორიტეტები მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით წარმოშობილ დავაში ჩაერთნენ

259
luylyuluy

სამართალდამცავებმა „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 2 პირი დააკავეს, 1 პირს ბრალი დაუსწრებლად, ხოლო 1 პირს – პენიტენციურ დაწესებულებაში წარედგინა.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით წარმოშობილ დავაში კრიმინალური ავტორიტეტები ჩაერთნენ.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოქალაქეთა შორის არსებული ფინანსური დავის “ქურდული წესით” გარჩევის ფაქტი გამოავლინეს.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული აქტიური კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1978 წელს დაბადებული ვ.გ. „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის, 1965 წელს დაბადებული კ.თ. კი „ქურდული სამყაროს წევრისთვის“ ან „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ბრალდებით დააკავეს.

1967 წელს დაბადებულ მ.მ.-ს (მეტსახელად “ყურშა”) „კანონიერი ქურდობისთვის“ ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს. რაც შეეხება 1985 წელს დაბადებულ ო.ს.-ს, მას „ქურდული სამყაროს წევრობისთვის“ ბრალი პენიტენციურ დაწესებულებაში წარედგინა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულ კ.თ.-ს და მის ნაცნობს შორის მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით წარმოიშვა ქონებრივი დავა. აღნიშნული დავის მოგვარებაში ჩაერთნენ კრიმინალური ავტორიტეტები – ო.ს. და ვ.გ., რომლებიც დაუკავშირდნენ საზღვარგარეთ მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდებს“ – მ.მ.-ს (მეტსახელად „ყურშა”) და ზ.მ.-ს (მეტსახელად „გლეხოვიჩი“).

„კანონიერმა ქურდებმა“ თურქეთის რესპუბლიკაში მოდავე მხარეებთან ერთად მოაწყვეს ე.წ. ქურდული გარჩევა. მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ფინანსური დავის საგანი – მიწის ნაკვეთი უნდა გაყიდულიყო, მთლიანი თანხა უნდა გადარიცხულიყო „კანონიერ ქურდებთან“, რომლებიც მოგვიანებით გადაწყვეტდნენ თანხის განაწილების საკითხს.

პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო ბრალდებულების კუთვნილი მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ.

დანაშაულები 3-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით, ასევე, 223-ე მე-4 პრიმა მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები